თელავში რამდენიმე ტაქსის მძღოლმა უკანა სავარძელი პოლიეთილენის ფარდით გადატიხრა. მიზეზი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა, რის გამოც მათ მგზავრებისგან იზოლირება გადაწყვიტეს. მათი თქმით, პრევენცია და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ისინი ყველა საშუალებას იყენებენ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შეამცირონ.
ტაქსის მძღოლი, 62 წლის ბესიკ პაპაშვილი: “რა თქმა უნდა , მე და ჩემი მეგობრები ვითვალისწინებთ მთავრობის და ჯანდაცვის ყველა უწყებების რეკომენდაციას. ჩვენ ყველაზე ეფექტური, ხელსაყრელი და სწრაფი საშუალება მოვიფიქრეთ. მეორე სავარძელი გადავტიხრეთ ცელოფნის ფარდით, ავტომობილში გვაქვს სადეზინფექციო ხსნარებიც, რომელსაც ისევ და ისევ მგზავთა უსაფრთხოებისთვის ვიყენებთ. ყველა მგზავრის გადაყვანის შემდეგ ავტომობილს სპეციალური საშუალებებით ვამუშავებთ”.
პაპაშვილი საქართველოს მასშტაბით ყველა ტაქსის მძღოლს მოუწოდებს , დაიცვან დადგენილი წესები როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვისი ჯანმრთელობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბესიქ პაპაშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე ტაქსის მძღოლი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში და მოწყვლად ჯგუფებთან პროდუქტის დარიგებაში მოხალისეთა ჯგუფებს უფასოდ ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხივე შესასვლელ- გასასვლელში საგუშაგოებია მოწყობილი, სადაც ყველა მოქალაქეს უტარებენ თერმოსკრინინგს და ხდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული რეგულაციებით ავტომობილების გადაადგილებს მკაცრი კონტროლი.