2016-2017 სასწავლო წლებში, სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა. ამის შესახებ„ინტერპრესნიუსი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ პერიოდში საშუალო საფეხურზე (მე-10, მე-12 კლასი) სწავლა ვერ განაგრძო 8300-მა, ხოლო საბაზო საფეხურის (მე-7- მე-9 კლასი) დასრულებამდე 3441 მოსწავლემ.
ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა თბილისში დატოვა. კერძოდ, საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 2168-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 1348-მა მოსწავლემ. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა ქვემო ქართლსა და კახეთში დატოვა.
კერძოდ, ქვემო ქართლში საშუალო საფეხურზე სწავლა ვერ გააგრძელა 1835-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე – 828-მა მოსწავლემ. კახეთში საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 891-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე – 327-მა მოსწავლემ.
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2015-2016 სასწავლო წლებში საშუალო საფეხურზე თბილისსა და რეგიონებში სკოლა 7880-მა მოსწავლემ დატოვა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 3632-მა მოსწავლემ. 2014-2015 წლებში საშუალო საფეხურზე თბილისსა და რეგიონებში სკოლა 8672-მა მოსწავლემ დატოვა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 3635-მა მოსწავლემ.
2013-14 სასწავლო წლებში სკოლა თბილისსა და რეგიონებში საშუალო საფეხურზე დატოვა 10287-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე – 3770-მა.
რატომ ვირჩევთ თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს
რაც შეეხება მიზეზებს, თუ რის გამო ვერ განაგრძეს მოსწავლეებმა სწავლა, როგორც განათლების სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, სკოლის ადმინისტრაციის მიერ ასახული მონაცემებით, 2016-2017 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურზე, ავადმყოფობის გამო სწავლა ვერ განაგრძო 96-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე – 78-მა მოსწავლემ.
ამავე სასწავლო წელს, გარდაცვალების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 64-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე – 38-მა მოსწავლემ. დაოჯახების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 14-მა, საშუალო საფეხურზე კი, 243-მმა მოსწავლემ.
სწავლის შეწყვეტის სხვა მიზეზებად განათლების სამინისტრო საზღვარგარეთ მოსწავლეების ოჯახთან ერთად გამგზავრებას, მუშაობის დაწყებას, სკოლიდან გარიცხვას და სხვა მიზეზებს ასახელებს.
კერძოდ, 2016-17 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურზე სწავლისას, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ 1618 მოსწავლე გაემგზავრა, ხოლო საშუალო საფეხურზე 399. საშუალო საფეხურზე მუშაობის დაწყების გამო სწავლა შეწყვიტა 863-მა მოსწავლემ, ხოლო პროფესიულ კოლეჯში სწავლა 2118-მა მოსწავლემ განაგრძო.
გარდა ამისა, სწავლა საბაზო საფეხურზე 90 სასწავლო დღეს ზედიზედ გამოუცხადებლობის გამო შეუწყდა 66, ხოლო საშუალო საფეხურზე – 65 მოსწავლეს. საშუალო საფეხურზე სკოლიდან გაირიცხა 159 მოსწავლე, ხოლო სხვა მიზეზების გამო საშუალო და საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 5920-მა მოსწავლემ.