ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით,
ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონიდან გაუსვლელად – ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ სწრაფად და მარტივად ისარგებლონ ყველა სახის საბაჟო პროცედურით, ხოლო წარმოშობის სერტიფიკატის აღება დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე განახორციელონ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან და ფორმალობებთან, საბაჟოს დისტანციურ-ელექტრონულ სერვისებთან, სასაქონლო კოდების დადგენასთან, ნებართვა სერთიფიკატის საჭიროების განსაზღვრასთან და საბაჟო გადასახდელებთან დაკავშირებით.
დღეის მონაცემებით, მებაჟე ოფიცრების მიერ, ქალაქ გურჯაანში, გაფორმებულია 497 საბაჟო დეკლარაცია და გაცემულია 440 წარმოშობის სერტიფიკატი.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა. იმისთვის, რომ პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდეს, მას წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი – EUR.1 უნდა გააჩნდეს.