Home ბლოგი კახეთში მოგზაურობა – მოგზაურობა, რომელიც გცვლის- ნინო საჩალელი

კახეთში მოგზაურობა – მოგზაურობა, რომელიც გცვლის- ნინო საჩალელი

კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !

კახეთში მოგზაურობა – მოგზაურობა, რომელიც გცვლის

            რთულია გამოყო 7 მიზეზი, რაც ახსნის იმ ემოციებს და შეგრძნებებს, რაც კახეთისადმი სიყვარულის გადმოცემაში დამეხმარება, ამაზე სათქმელს ფოტოები და ვიდეო უფრო იტყვის, რომელიც შემოდგომით კახეთში სტუმრობისას გადავიღე, მაგრამ მაინც შევეცდები 7 მიზეზში ჩავატიო ჩემი სათქმელი. კახეთი არის მხარე, რომლის სტუმრობის დროსაც ერთ დღეში შეგიძლია მოინახულო 7 ტაძარი, მიირთვა 7 ტრადიციული კერძი, დააგემოვნო 7 და კიდევ უფრო მეტი ყურძნის ჯიშის ღვინო და ა.შ.  მე კი შევეცდები გამოვყო 1 დღეში კახეთის შეყვარების 7 მიზეზი (რიგითობა პირობითია და არ ასახავს პრიორიტეტებს).

  1. ულამაზესი ბუნება, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს იქცევს ჩემს ყურადღებას, განსაკუთრებით კი შემოდგომით, როდესაც კახეთი ყველაზე ფერადია და ლამაზი.
  2. თბილისთან სიახლოვე – მაშინ როდესაც გინდა დროის ხანმოკლე პერიოდში გაექცე რეალობას, კახეთის სტუმრობა, ამისთვის იდეალური გამოსავალია.
  3. კულტურული ძეგლები, მუზეუმები – კახეთის სტუმრობისას საშუალება მეძლევა მოვინახულო უძველესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელმაც გაუძლო დროს. კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია – მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი. თითოეული ეკლესია – მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია და დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ძეგლის მონახულების შემდეგ, ყველას უჩნდება სურვილი მათი ხელმეორედ მონახულებისა.
  4. ღვინის დეგუსტაცია – ის რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში არის შეტანილი ნამდვილად საამაყოა.

    კახეთი კი საშუალებას გვაძლევს ადგილზე მარნებში დავაგემოვნოთ ღვინო, რაც თავისთავად უდიდესი ფუფუნებაა და საოცნებოა ღვინის მოყვარულთათვის.

  5. უგემრიელესი ტკბილეული და სამზარეულო – ყველაზე გემრიელი ჩურჩხელის დაგემოვნება რა თქმა უნდა მხოლოდ კახეთშია შესაძლებელი.
  6. რთველი და სხვა ტიპის აქტივობები – ყურძნის დაკრეფვისა და ღვინის დაწურვის უძველესი ტრადიცია, რომელშიც ყველა ადამიანი სიამოვნებით იღებს მონაწილეობას შემოდგომით.
  7. განთავსების საშუალებების მრავალფეროვნება, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, საშუალებას გვაძლევს ტურისტებს შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი და ხელსაყრელი სასტუმრო.

 

კახეთი ყველა მნახველში იწვევს 7 წარუშლელ ემოციას: აღტაცებას, სიყვარულს, მხიარულებას, ბედნიერებას, სიხარულს, სისიამოვნოდ გაოცებას და ოცნებების ახდენას. პოზიტიური ემოციები დადებითი გადაწყვეტილებების მიღების საწინდარია .

P.S. და ბოლოს კახეთში მოგზაურობა ეს არის მოგზაურობა, რომლისგან გამოწვეული ემოციები ცვლის ადამიანებს, ამიტომ აუცილებლად ესტუმრეთ კახეთს, განსაკუთრებით კი შემოდგომით, როდესაც „ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს”.

 

 

 

ბლოგერი :   ნინო საჩალელი