კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, გურჯაანში, სიღნაღში და საგარეჯოში ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები გაიხსნა. კომპანია ,,ტიმეოს’’ წარმომადგენელი, იორამ კეთილაძე აცხადებს, რომ კომპანია საქართველოში გავრცელებულ ლოკოკინებს მოსახლეობისგან იბარებს. კილოგრამის ფასი კი 1 ლარია.
როგორც საწარმოს წარმომადგენლები განმარტავენ, ამ გზით, დღეში 80-200 ლარის გამომუშავებაა შესაძლებელი . ლოკოკინების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც კომპანია “ტიმეომ” მოაწყო, წილკანში მდებარეობს, თუმცა ჩაბარების პუნქტებს რეგიონებშიც გახსნა.
“ჩვენ ვიბარებთ ველურ ლოკოკინას, გასულ წელს ასობით ტონა ლოკოკინა ჩავიბარეთ და ვაგრძელებთ წელსაც. ლოკოკინის ჩაბარების სეზონი დაიწყო და ადამიანს დღეში 150 კგ ლოკოკინის შეგროვება, ჩაბარება და საშუალოდ 150-ლარამდე თანხის გამომუშავება შეუძლია”, – აცხადებენ კომპანიაში
კომპანიის წარმომადგენელი, იორამ კეთილაძე აცხადებს, რომ შეგროვებული პროდუქტის დამუშავება და შემდეგ საფრანგეთში ექსპორტზე გატანა ხდება.
,,კომპანია ,,ტიმეოს“ ქარხანა აშენდა შარშან. ერთი სეზონი აგროვება/ ჩაბარების უკვე გვქონდა და მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული. შეგროვებული ლოკოკინისგან ხდება ნახევარფაბრიკატის მომზადება და ასე გადის ევროპაში. შარშან უკვე გავიდა ექსპორტზე გადამუშავებული პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ გადამუშავებული ხორცი ცალკე გადის საკვებად ექსპორტზე და გადამუშავებული ნიჟარა ცალკე. ამ ყველაფრის მერე რესტორანში შეხამება ხდება ან ქარხანაში, სადაც მათგან საკვები მზადდება. შანშან კახეთში ლოკოკინის ჩაბარების კუთხით პასიურობა იყო. ჩვენ ფერმერებს საშუალებას ვაძლევთ, 1500 -2000 ლარამდე შემოსავალი მიიღონ.
ამ დროისთვის პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ საფრანგეთში ხდება, ამ პროექტმა რომ იმუშავოს, საქართველოში ფეხი მოიკიდოს და განვითარდეს, და ის კადრები რაც გვყავს შევინარჩუნოთ, მინიმუმ 1000 ტონა პროდუქტი უნდა გადავამუშავოთ, იმიტომ რომ ძვირი ჯდება მისი გადამუშავება’’,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩაბარების პუნქტებში (წნორი- 592 01 98 01, ვაჩნაძიანი-599 33 33 59) 1 კილოგრამი ლოკოკინის ფასი 1 ლარია, ხოლო ადგილზე, საწარმოში, 1, 30 ლარია.
,,ამ დროისთვის კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, გურჯაანში, სიღნაღსა და საგარეჯოშია გახსნილი ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებში, კონკრეტული პირების მიერ ხდება მოსახლეობის მიერ შეგროვილი ლოკოკინების შესყიდვა და ჩამბარებელ პუნქტებში ან წილკანში, ლოკოკინების საწარმოში მიტანა.’’
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პუნქტების გახსნა კახეთის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს აჩენს.
,,მევენახეებისთვის ეს არის მკვდარ სეზონზე ფულის შოვნის საშუალება. როცა მოსავალი არ აქვთ გასაყიდი და შემოსავალი ჭირდებათ, შეუძლიათ აქედან მიიღონ შემოსავალი. გარდა ამისა, იმისთვის, რომ ვენახიდან ლოკოკინა მოაშოროს, ძლიერი შხამების გამოყენების მაგივრად ამ ლოკოკინის ამოღება და შემდეგ ჩაბარება შეუძლია’’,- აცხადებენ კომპანიაში.