წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს – ამის შესახებ, ატმის კრეფის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით, 15 000 ტონა საექსპორტოა.
“ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს განსაკუთრებულ პირობებში გვიწევს მუშაობა, საორგანიზაციო შტაბი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროცესში სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში შექმნილი 20 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ჩაერთვება”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი “ერთი ფანჯრის” პრინციპით უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
სამინისტროს ცნობით, 2019 წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი 13,256 ტონას შეადგენდა. დაბინავების პროცესის უზრუნველყოფაში ჩართული იყო 9 სამაცივრე მეურნეობა.
გასულ წელს, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რუსეთში – 10,777 ტონა, სომხეთში – 1,373 ტონა, აზერბაიჯანში – 667 ტონა, უკრაინაში – 150 ტონა, ყაზახეთში – 114 ტონა, სლოვენიაში – 78 ტონა, ერაყში – 39 ტონა, ირანში – 20 ტონა, ბელარუსში – 18 ტონა, მოლდოვაში – 19 ტონა, ყატარში – 0,4 ტონა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების თანადაფინანსებით საქართველოში ხილის 11 გადამმუშავებელი საწარმოა, აქედან კახეთის რეგიონში, გურჯაანსა და თელავში სამი საწარმო ფუნქციონირებს.
წყარო : bm.ge