კახეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები გრძელდება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში – ნაფარეული და ლაფანყური საერთო კრებებს დაესწრნენ.
სოფ. ნაფარეულში, მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებად სკვერის, ხოლო სოფ. ლაფანყურში სარწყავი არხის მოწყობა დასახელდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა, მოსახლეობას, ასევე, გააცნეს ცენტრალური ბიუჯეტიდან განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია.
პროგრამის ფარგლებში, სოფლის საერთო კრებები 3 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. კახეთის რეგიონის მასშტაბით, 308 დასახლებაში გაიმართება სოფლის საერთო კრება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, კახეთის რეგიონში 4 454 000 ლარია განსაზღვრული, რასაც ემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ფინანსური რესურსის გამოყოფა, თანამონაწილეობის სახით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნული პროგრამა აძლევს შესაძლებლობას, საერთო კრებაზე დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და ხმათა უმრავლესობით, შეარჩიონ პრიორიტეტული საპროექტო წინადადება.