შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
დღეს შეხვედრას კაბლის ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივ ცენტრში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთან – აიაზ მამედოვთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან – ბენო გეგეჭკორთან და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობას ითვალისწინებს. მისი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
✅შეხვედრაზე განხილული იქნა მთავრობის მიერ რეგიონში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, ასევე ისაუბრეს თემში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროექტის შესახებ, მუნიციპალიტეტში გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მრავალეთნიკური მოსახლეობის მეგობრული თანაცხოვრება არის გარანტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის. ჩვენი უპირველესი ინტერესია ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა კონფლიქტების გარეშე“ – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.