Home დღის ამბები კახეთის გუბერნატორის რანგში ირაკლი ქადაგიშვილი მედიის წინაშე ბოლოჯერ წარსდგა

კახეთის გუბერნატორის რანგში ირაკლი ქადაგიშვილი მედიის წინაშე ბოლოჯერ წარსდგა

კახეთის გუბერნატორის რანგში ირაკლი ქადაგიშვილი  მედიის წინაშე ბოლოჯერ წარსდგა. მან 4-წლიანი მუშაობა შეაჯამა და რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა. გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის დროს ქადაგიშვილს ეკუთვნის მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირება და ლობირება,

რომელიც თუშეთის საბაგიროს მშენებლობას და თელავის აეროპორტის განვითარებას გულისხმობს. მისი განმარტებით, ამ იდეის განხორციელებისთვის მუშაობა ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. ქადაგიშვილის განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად,კახეთში პირველი ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა გრძელდება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და აღნიშნული ობიექტის არსებობა რვავე მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების პრობლემას მოაგვარებს.

„მე მქონდა მცდელობა, რომ ტურისტული მიზიდულობისთვის წამოსულიყო ისეთი პროექტები, როგორიცაა თელავის აეროპორტი და თუშეთის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობა. უნდა ითქვას, რომ ეს პროექტები არ არის გაჩერებული, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ თავისი დიდი პაუზა გამოწვია მსოფლიო ეკონომიკაში. დღესაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ამ საბაგიროს მშენებლობა განხორციელდეს. თელავის აეროპორტი, რომელიც კერძო საკუთრებაა, იქაც მივაღწიეთ და მცირე ნაბიჯები გადავდგით , რამაც საშუალება მოგვცა, რომ შიდა ფრენებისთვის თვითმფრინავები მივიღოთ. თელავის რეაბილიტაციის ახალი გეგმა დამუშავდა. შვიდი ბორცვი გახდება შეკრული, ერთიანი სივრცე, სადაც თელაველები თუ ჩამოსული სტუმრები ისარგებლებენ და თელავის ცენტრში უმარავი ახალი სივრცე შეიქმნება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საუბრის შემდეგ ირაკლი ქადაგიშვილმა გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს და ჟურნალისტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთანაც 4 წლის განმავლობაში მუშაობა მომიწია. პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვისთანაც ერთად ქუჩა იქნებოდა, ვენახი, სავარაგული თუ სხვა, ადამიანებს ვხვდებოდი და მათგან ვიღებდი გზავნილებს ,რომელიც მეხმარებოდა ჩემი ხედის განსაზღვრაში. ამ ხედვას მე განვსაზღვრავდი მუნიციპალიტეტის მერებთან, საკრებულოებთან ერთად. მადლობა ყველა იმ ჩემს თანამშრომელს, ეს არის 22-კაციანი გუნდი, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით, დიდი პასუხისმგებლობითა და პატრიოტიზმით თავის ქვეყნის და კუთხის მიმართ. ჩვენ მართლა ვიყავით ლიდერები არამარტო კახეთის რეგიონისათვის, არამედ ზოგადად, საქართველოს რეგიონული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს ძალიან დიდი წვლილი , შრომა და ცოდნა აქვთ შეტანილი. მადლობა ჟურნალისტებს. მე კარგად მესმის, რომ მედიის და არასამთავრობო სექტორის გარეშე არ შეიძლება თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება. ამ კუთხით ჩვენ ურთიერთ ხელს ვუწყობდით. ობიექტური და საქმიანი მითითება, კრიტიკას ან მხარდაჭერას ვუცხადებდით და ამისთვის თქვენ ყველას დიდი მადლობა. იმედი მექნება, რომ ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სხვა პოლიტიკურ ველზეც გაგრძელდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი ქადაგიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალურად 20 ივლისს წარადგინა. კახეთის გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი შეასრულებს.