Home ბლოგი კახა სუხიტაშვილის – „ ბუნების კარი “ N1

კახა სუხიტაშვილის – „ ბუნების კარი “ N1

ალბათ გასხოვთ, ამა წლის 4 ოქტომბერს www.mak.ge ზე გამოქვეყნებული ჩემი ბლოგი „წერილი ჩემს შეყვარებულ კახეთზე“ რომელიც DMO-Visit Kakheti თან ერთად ინიცირებულ ბლოგერების კონკურსის – „ჩემი 7 მიზეზი თუ რატომ მიყვარს კახეთი“ ფარგლებში მოვამზადე. ბლოგი იწყებოდა ასე: „დავიწყე მიზეზების ჩამოთვლა, მიზეზი 1,2,3,4,5,6,7…………12,……………..17. „
სწორედ ახლა მაქვს საშუალება www.mak.ge ზე შემოგთავაზოთ ბლოგების სერია, ჩემი და კახეთის დამოკიდებულებების შესახებ. იმ ბლოგის (რომელმაც კონკურსში მეორე ადგილი აიღო) ხაზს ნამდვილად არ გავყვები და ვეცდები უფრო საქმიანად მივუდგე საკითხს.
მაშ ასე ბლოგი N1 და არა მიზეზი N1

პირველი ექპედიცია ნაწილი პირველი

ბავშვობიდანვე მიყვარდა ბუნება, ველური გარემო, გარემო სადაც ადამიანები ბატონები კი არა ბუნების ნაწილები ვართ, ვკითხულობდი წიგნებს, ვუყურებდი ფილმებს, ველოდებოდი სატელევიზიო გადაცემას „ბუნების კარი“-ბატონი არნოლდ გეგეჭკორი რომ უძღვებოდა და გვიყვებოდა საინტერესო ამბებს მსოფლიო ბიომრავფეროვნების შესახებ, მეც ვიზრდებოდი და მიყალიბდებოდა გემოვნება.
ერთხელაც ავიღე საბჭოთა კავშირის ატლასი, მოვნახე გვერდი საქართველო და დავხედე თელავს, მის შემოგარენს, მერე ავედი თელავის უძველეს უბანში- ყადორზე და ცივის მთის კალთებს და მეორე მხარეს ალაზნის ველს შევხედე-ინტერესი ცხოველი იყო და რა ვიცოდი თუ ჩემი ცხოვრების ინტერესი გახდებოდა ამ საოცარი და იდუმალებით მოცული გარემოს შესწავლა და დაცვაზე ზრუნვა. დავიწყე მზადება შემდგომი ნაბიჯებისთვის, თელავის ბიბლიოთეკებში უამრავი ლიტერატურა მოვიძიე, ვიწერდი ყველაფერს რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. თუ სადმე შესაბამის საზოგადოებაში მოხვდებოდი ვეკითხებოდი ტყეებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ისტორიაზე. ადგილობრივების მონაყოლს ვადარებდი ლიტერატირულ მონაცემებს და კვლავ მიყალიბდებოდა გემოვნება…………
……………………………………………………………………………………………………………………………………………………….


1994 წლის 16 ივნისი მოვიდა, დღე როდესაც ჩემ ცხოვრებაში პირველად წავედი ტყეში არა სოკოზე ან რკოზე ან სასეირნოდ ან საქეიფოდ არამედ ცოდნის მისაღებად. მარშრუტი იყო ასეთი: თელავი-ცივი (კაცების ღვედი)-კისისხევის ხევი-თელავი). თელავიდან ცივზე რომ მივდიოდი, გზად უკვე იმდენაც დატვირთული ვიყავი ემოციებით რომ ერთი დღისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. თელავის უნივერსიტეტის თავზე 2-3 კმ ში მაღალი მოცვის (და არა მაღალი ციცოს.:)) მუჩქნარს წავაწყდი რაც ჩემთვის პირველი აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ, ეს მცენარე კოლხური ფლორის რელიქტია ყველა პირობით გომბორის ქედის ძირში მუხნარ ტყეში არ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. ამ მცენარის აქ ნახვამ ამ ტყის ისტორიაა გააცოცხლა. როგორც დაიწყო და როგორია პროგნოზი: მგონია რომ ეს ტყე წიფლნარ-რცხილნარი ან რცხილნარ წიფლნარი უნდა ყოფილო სადაც მოცვი ქვეტყის შემქნელი სახეობა იქნებოდა, მერე გაიჩეხა ტყე და მოცვი როგორ ტყის სარეველა ბუჩქი განათებულ ადგილებს შეესია და გამრავლდა, მეორე მსოფლიო ომის მერე ეს ადგილი ქართული მუხით შეთესეს და მივიღეთ ნახევრად ხელოვნური ტყის ტიპი ქართული მუხნარი მაღალი მოცვის ქვეტყით. უფრო მეტიც, თელავის ხევის ფერდობებზე პირველად ვნახე ულამაზესი ხე-ლეკა ანუ ლამაზი ნეკერჩხალი, რომელიც შემოდგომობით ცეცხლის ფერი ხდება და ჩვენი ტყეების ნამდვილი სამკაულიაა. კიდევ იყო პატარა აღმოჩენები…. მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბროთ.


მთა ცივის ყელში ფორთხიალისა და გრძელწიწვიანი ღვიის პირველად ნახვის სიამოვნების მერე ცივზეც აღმოვჩნდი. მთელი შიდა კახეთი ხელისგულივით გამოჩნდა. რა გინდა სულო და გულო-სოფლები, ვენახები, ტყეები, მინდვრები, ქალაქები….. გურამ რჩეულიშვილის სიტყვებიც გამახსენდა მოთხობიდან ალავერდობა: „მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში“
დღეს აქ გავჩერდეთ და ვიფიქროდ ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მდგომარეობაზე, ჩვენს შესაძლებლობებზე რაიმე შევცვალოთ უკეთესობისკენ, ერთი კენჭი მაინც დანიშნულებისამებრ გადავაგორით და სწორ კალაპოტში მოვაქციოთ.
შემდეგ ბლოგში მოგიყვებით პირველი ექსპედიციის მეორე ნაწილზე და გაიგებთ რა გადამხდა მდინარე კისისხევის ხეობაში, ხეობაში სადაც ისტორია იმდენად ბუნებრივია და ამასთან სარისკო.