საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. როგორც “ინტერპრესნიუსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ფონდმა უკვე დაიწყო რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება გურიისა და კახეთის რეგიონში.
“პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონში 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციას. გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკისციხის, ზომლეთის, თხინვალი, ლესას, მერიის, სამების, ლანჩხუთის და ჩოჩხათის საჯარო სკოლებს. კახეთის რეგიონში კი რეაბილიტირდება კალაურის, კარდენახის, ნინიგორის, სამთაწყაროს და ძველი ანაგის საჯარო სკოლები.
სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო. მთავრობის დაფინანსებით უკვე დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, დონორის დაფინანსებით დაწყებულია 20 სკოლის ენერგო ეფექტური კომპონენტის გაძლიერებაც.
პროგრამა ფინანსდება საქართველოს მთავრობის და დონორების (CEB და NEFCO) დაფინანსებით. პროგრამის საერთო ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. სკოლების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერის დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე,”- ნათქვამია ინფორმაციაში.
თუ გინდა გაიგო რა ხდება შენს სოფელში შენს ქალაქში შენს რეგიონში. გქონდეს სწრაფაი და სანდო ინფორმაცია იმეგობრე ჩვენთან და მოიწონე ჩვენი გვერდი „მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge“ ან გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში „მთავარი ამბები კახეთიდან“