Home მსოფლიო ისტორიაში პირველად, Facebook-ის შემოსავლები შემცირდა | ბირჟაზე META-ს აქციები ეცემა

ისტორიაში პირველად, Facebook-ის შემოსავლები შემცირდა | ბირჟაზე META-ს აქციები ეცემა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრშია – ისტორიაში პირველად, Facebook-ის მშობელი კომპანიის Meta Platforms-ის კვარტალური შემოსავლები შემცირდა.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 28.8 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის $29.1-მილიარდიან მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობას, Facebook-ის ძირითადმა ბაზამ 2.93 მილიარდი უნიკალური ანგარიში შეადგინა, ხოლო აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.97 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსთა პროგნოზს.

Meta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, შემოსავლების შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი გლობალური ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ზედმეტად გამყარებული ამერიკული დოლარია. საგულისხმოა, რომ კვარტალური შედეგების გაუარესების მიზეზად აღნიშნულ ფაქტორებს ასახელებენ სხვა მსხვილი ამერიკული კომპანიებიც.

ექსპერტების შეფასებით, Meta-ს მთავარი გამოწვევა კონკურენტი პლატფორმის TikTok-ის გაძლიერებაა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია, რომელშიც მომხმარებელი უჩვეულოდ დიდ დროს ატარებს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ Meta-ს მფლობელობაში არსებული მესიჯინგ პლატფორმა WhatsApp ისევ წამგებიან პროექტად რჩება, რომლის კომერციალიზაციის რეალური სტრატეგია კომპანიას ჯერაც არ აქვს; Instagram-ის მიმართ კი კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება, რაც სოციალური ქსელის ალგორითმის ცვლილებითა და აშკარად შესამჩნევი „ტიკტოკიფიკაციის“ პოლიტიკითაა განპირობებული.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Meta-ს მთავარი პროექტი – მეტავერსი ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა და მის კომერციალიზაციაზე საუბარი უახლოეს მომავალში აზრს მოკლებულია. საგულისხმოა, რომ მეტავერსის დეპარტამენტის გამო მეორე კვარტალში კომპანიამ 2.81 მილიარდი დოლარით იზარალა.

Meta-ს დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, კომპანიის კვარტალური პროგნოზები შემცირებულია და გაფართოების სტრატეგიაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით ან წლით გადაიწევს.

„ეს რთული ვითარება ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს, ნაკლები რესურსებით უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს“, – ასე გამოეხმაურა ცუკერბერგი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისა და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის საკითხს.

იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, საფონდო ბირჟის ოფიციალურად გახსნამდე Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 5%-ითაა შემცირებული. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 459 მილიარდ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი $1-ტრილიონიან ნიშნულს აღწევდა.