საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა
“მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ხედვას ჰესებთან მიმართებაში საერთოდ არა აქვს კავშირი ან მტრობასთან, ან მავნებლობასთან. მითუმეტეს, ღალატთან. მე ქარისა და მზის ელექტროსადგურების აშენებას ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ, ვიმეორებ, არ ვმტრობ ჰესების მშენებლობას იქ, სადაც ჰესი საფრთხეს არ უქმნის გარემოს, მოსახლეობას.
❗ახლა, გავიხსენოთ, რა გამოცდილება გვაქვს ჰესების გარშემო. ძირითადად, კერძო კომპანიები ვერ ახერხებენ ჩვენს დარწმუნებას, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ჰესის აშენება არ აზიანებს სასმელ წყალს, მდინარეს, მის სანაპიროს და ა.შ. ანუ კომპანიებს ან საერთოდ არა აქვთ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები გააზრებულ- წარმოდგენილი, ან რაც წარმოდგენილია, ის აცდენილია რეალობას, ამიტომ ერთ- ერთი მიზეზი ჰესებისადმი მოსახლეობის ფრთხილი დამოკიდებულებისა უნდა ვეძებოთ კომპანიების პოლიტიკაში და არა მოსახლეობაში!
❗პანკისის ხეობის მოსახლეობა მთელი წელია საუბრობს მესამე ჰესზე, რომელიც (ადგილობრივების განცხადებით) საფრთხეს უქმნის სასმელ წყალს, მდინარე ალაზანს, მოსახლეობა ჰკარგავს საძოვრების ზოლს. ვფიქრობ, ერთი წელი საკმარისი დრო იყო კერძო კომპანიისთვისაც და ხელისუფლების სათანადო სტრუქტურებისთვისაც, რომ: ა) დაერწმუნებინათ ხალხი,- ჰესი არ დაანგრევს ადგილობრივ ლანდშაფტს;
ბ) წარმოედგინათ კომპეტენტური დასკვნა, რა ზემოქმედება ექნება გარემოზე ამ კონკრეტულ ჰესს;
გ) ცალ-ცალკე კი არ დაებარებინათ ხეობის მცხოვრებნი თელავსა და ახმეტაში, არამედ დაეგეგმათ განხილვები, ჩაეტარებინათ გამოკითხვა. ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ეს ყველაფერი გააკეთა. იგივეს ამტკიცებს კერძო კომპანია. პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა. რეალურად არც განხილვა ჩატარებულა, არც მოსახლეობასთან უმუშავია ვინმეს, რომ მისი აზრი შეესწავლა და გაეთვალისწინებინა, ამიტომ აქ პანკისის მოსახლეობა მართალია!!!
❗სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად და რატომ ეჩქარებოდა კომპანიას, რომ ჯერ დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და შემდეგ, მაინც და მაინც ბზობის დღესასწაულზე მშენებლობის დაწყება გადაწყვიტა. მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებას სწორედ კომპანიის ამ უგუნურმა გადაწყვეტილებამ მისცა ბიძგი. მითუმეტეს, იყო პირობა, რომ მშენებლობა არ დაიწყებოდა, ვიდრე არ იქნებოდა საკითხი განხილული მოსახლეობასთან. პანკისელები აქაც მოატყუეს!
❗მერე მოხდა ის, რაც მოხდა! და თავად პანკისის მოსახლეობაც წუხს იმის გამო, რომ იყო ქვების სროლა, დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაზიანდნენ პოლიციელები. ყველას ესმის, რომ ეს ქმედება არც მოსაწონია, არც მხარდასაჭერი, არც წასახალისებელი. ისიც უნდა ითქვას, რომ არც პანკისის და არც რომელიმე სხვა ხეობის, თუ რეგიონის მოსახლეობასთან საუბარს, საერთო ენის გამოძებნას რეზინის ტყვია უნდა სჭირდებოდეს. რეზინის ტყვიებამდე, ქვების სროლამდე საქმე არ უნდა მივიდეს. ეს ხელისუფლების ამოცანა და პასუხისმგებლობაა!
❗ახლა შესაძლო დაჭერებზე. ვფიქრობ, ეს იქნება მორიგი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან. პანკისში არც კრიმინალური და არც პოლიტიკური დაპირისპირება არ მომხდარა, ხალხი ხეობის ბუნების დასაცავად გამოვიდა, ამიტომ მე რომ ხელისუფლება ვიყო, არავითარი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის საკითხის წამოწევაზე არ ვიფიქრებდი. სირბილეს, ლმობიერებას, გონივრულობას გამოვიჩენდი. პოლიციასა და მოსახლეობას შევახვედრებდი, ჩავახუტებდი და ვითარებას დავამშვიდებდი. შემდეგ ჩავატარებდი გამოკითხვას, ერთგვარ რეფერენდუმს და თუ ხალხი მხარს არ დაუჭერდა, იმ ადგილზე ჰესს აღარ ავაშენებდი. კომპანიას სხვა ადგილის შერჩევას შევთავაზებდი.“