Home დღის ამბები ირაკლი ქადაგიშვილის ღია წერილი თელაველ ამომრჩეველს

ირაკლი ქადაგიშვილის ღია წერილი თელაველ ამომრჩეველს

თელაველებო, ვაგრძელებთ განვითარების გზას. საქართველოს პარლამენტში ჩემი კანდიდატურის  მაჟორიტარ დეპუტატად არჩევას მე განვიხილავ, როგორც აქამდე გაკეთებული საქმეების გაგრძელებას. თელავის მუნიციპალიტეტისთვის რაც უკვე გაკეთდა, გახლავთ შემდეგი  – თელავის ისტორიული მუზეუმის მშენებლობა, მეფის სასახლის რეაბილიტაცია, რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა, სოფლებში – საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

განვითარება უნდა გაგრძელდეს. წლის ბოლომდე დასრულდება 40 ავტობუსზე გათვლილი ახალი ავტოსადგომის მშენებლობა და თელავს ეყოლება ახალი და კომფორტული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

პირველ ეტაპზე, თელავში შემოვა 10 ერთეული ავტობუსი, რომელიც უკვე შეძენილია. მალე დაიწყება ქალაქ თელავის განახლების ახალი ტალღა. დაგეგმილია თელავის ცენტრის განახლება, რომელიც მოიცავს ისტორიულ შვიდ ბორცვს შორის დამაკავშირებელი მთავარი ქუჩის, თელავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და თეატრის გვერდით მდებარე „ახალი ბაღის“ სრულ რეაბილიტაციას.

დაგეგმილია თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის მშენებლობა. თელავი თავისი სპორტული ცხოვრების მრავალწლიანი ტრადიციებით ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სპორტულ ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ თელავის საფეხბურთო კლუბმა 2020 წლიდან  დამსახურებულად  მოიპოვა ასპარეზობის უფლება ეროვნულ ლიგაში.

წარმატებებთან და სამომავლო პერსპექტივებთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ იმ გამოწვევებს, რაც ამ ქალაქის მაცხოვრებლების წინაშე დგას. ეს არის წყალმომარაგების საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია თელავისთვის. პრობლემის გადასაჭრელად უკვე დაწყებულია ამ მხრივ ქალაქის ყველაზე მოწყვლადი უბნების „ალაზანი-კავკასიონის“ მრავალსართულიან კორპუსებში ბინების  ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომლის დასრულების შემდეგ, კორპუსებთან მისასვლელი გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება.

თელავმა და თელაველებმა ყოველთვის იცით განვითარების ფასი. სწორედ ამიტომ, ერთად გავაგრძელოთ პროგრესი და ერთად შევქმნათ წარმატება.