Home დღის ამბები ინგა გავარის ერთი დღე

ინგა გავარის ერთი დღე

ინგა გავარ – სტომატოლოგი თელავიდან, ლატვიის სათვისტომოს წევრი.


როგორ მიყვარს დილა, გათენება, ახალი დღის დასაწყისი. ქათამივით ადრე ვწვები და ადრე ვიღვიძებ. სანამ ყველას სძინავს, მოვიარე აივნები, გადავხედე ეზოს, ყვავილებს – ეჰ, მოაკლდა დედაჩემის ხელი, ეს ჩიკოს კატებიც გათამამებულები დარბიან, აივანზე ჰამაკებში ნებივრობენ.
როგორი დიადი სიმშვიდეა. სიწყნარეში დილის „პრესას“ ვეცნობი ინტერნეტში. ფეისბუქს გადავშლი, ახალ ამბებს წავიკითხავ ჭიქა ყავის სმით. აგერ თინიკოს დედას დაბადების დღე აქვს, გოგიტას თავის გვერდზე ახალი ღონისძიების ანონსი დაუდია, უი, ტალსიში ტყეში ხანძარი გაჩენილა, ჩემი ყოფილი კლასელი ლატვიის საკვირაო სკოლაში – თამარი – მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოსულა …

დროს მართევს ფეისბუქი…
ოჯახში დილით სასიამოვნო საქმეები მაქვს – გავულამაზო ოჯახის წევრებს დილა გემრიელი ყავით, საუზმით, სუფთა დაუთოვებული ტანსაცმლით, ღიმილით და ლატვიის მაგნიტით მიკრული 20 ლარიანით J – სანამ  ჩემები ხელფასს აიღებენ ზურგს ვუმაგრებ ოჯახს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ სამსახურში ფეხით წავიდე – ასე ვთქვათ ვვარჯიშობ. მაგრამ მაცდურად მიჩერებს მანქანას სიძე და გზაც მოკლდება. მაინც ვახერხებ მეგობართან შერბენას, მოკითხვას და ახალი ამბების გაგებას, მერე გოგასთან იმედიანად შესვლას და უიმედოდ გამოსვას – ვერ ასწრებს ეს ბიჭი ამდენი საქმის კეთებას, თან დიეტაზეა და მოწყენილია.

სამსახურში მისულს ყველას ნახვა მიხარია – გზად ღიმილით ვკრეფავ დილის ღიმილებს – ნინი, ქეთი, ქეთი, მიშა…
მოვწესრიგდი და დაიწყო სამუშაო დღეც -ვითომ რუტინა, მაგრამ იმდენად დატვირთული ადამიანების ისტორიებით და არა მარტო ავადმყოფობის ისტორიებით, ადამიანების განცდებით. აგერ აგუსიას ტკივილით ღამე გაუთევებია, სოფო 9 თვის ფეხმძიმეა, მარი დასასვენებლად მიდის ხვალ, ლევანის გამოცდა აქვს ზეგ, მიშა პირდაპირ ლილოდან მოვიდა დაღლილი. დიდი ოჯახი მაქვს სამსახურში, ყოველდღე სხვადასხვანაირი.

ტელეფონი რეკავს, ნუკრია. გამახარა – დამეგობრებულ ქალაქიდან ერეკლეობაზე კომერსანტების ჯგუფი მოდისო და აბა დავტრიალდეთ, დავგეგმოთ მათი მასპინძლობაო.

მიხარია…

ჩემი სახლი ლატვიის საელჩოსავითაა თელავში. ლატვია ჩემი გენეტიკური, ისტორიული სამშობლოა. ყველანაირი შეხება მახარებს ამ ქვეყანასთან და ხალხთან, იმედია. სასიკეთო და სასარგებლო ვიზიტები და გეგმები დაისახება. უკვე ვიცი ვინც დაგვეხმარება ამ საქმეში, ერთ-ერთს – მიშას მაშინვე დავურეკე და მხარდაჭერაც მივიღე. უფრო ხალისიანად ავმუშავდი. გვერდით დაუღალავად შრომობს დათო, აზუზუნებს ბორმანქანას.  ნანა დაცქრიალებს ტელეფონით ხელში და პერიოდულად ქრება. დღე პაციენტების მოგერიებაში გადის.

“რეკლამებზე”-სანამ პაციენტი რენტგენს იღებს, ფეისბუქმა მახარა-ჩემ ნათლულ თიკას მესამე შვილი გაუჩენია!  შვილებმა დამირეკეს, მომიკითხეს. ელიზბარმა – ქალბატონო დედა როგორ ხარო, თან გამამხნევა. თამრომ მახარა – სიდონას შვილუკა გაუჩენიაო. აგერ ისევ შუალედი გამოჩნდა – მოვიკითხე მეგობრები ჩაქვში, კარგ ხმაზე მესაუბრა ნინო, ამინდებიც და განწყობაც კარგი აქვთ. აფსუს, რატომ არ დაემთხვა ჩემი კონგრესი მაგათ დასვენებას.
ბოლო პაციენტი ყველაზე დასამახსოვრებელია, გული მიწვრილდება დაღლილობისაგან და შიმშილით.
აი ჩიკოც შემეხმიანა. მოგვაგროვა მშრომელი ქალები და დაგვაბინავა ოჯახებში.

ცოტა ხანში სახლი მხიარული ხმებით აივსო – თბილისიდან ნანიკო ჩამოვიდა. ინტერნეტი სჭირდება სამუშაოდ და მსუბუქი ვახშმის და ემოციური საუბრის მერე გვიყვება თუ როგორ უნდა შეღებოს და გაალამაზოს სახლი ამ ზაფხულს თავისი გემოვნებით.  მოკლედ სახლის მოხატვა-დახატვას აპირებს და აღტაცებულია.
ნანიკო მუშაობს, მე კი ქათამივით ძილისკენ მივდივარ. მეგობრებს ჩიკო მიხედავს. იციან ჩემი რეჟიმი. ჩემი დის შეტყობინება მომდის, პასპორტის მონაცემები უნდა, ვიზას მიკეთებს. ვერ ისვენებს ჩემი ძმა – უნდა წამიყვანოს მოსკოვში და იმპლანტები შემასწავლოს. ვნახოთ რა გამოვა ამ მცდელობიდან.

ძილის წინ წავიკითხე დათოს მოცემული წიგნის ერთი თავი, გადავხედე განვლილ დღეს, ღმერთს მადლობა გადავუხადე და ხვალინდელი დილის მოლოდინით მივაბარე ისტორიას. ვიცი, რომ დილა ისევ სასიამოვნო რუტინით დაიწყება და ახალი დღეც ხალისიანი მექნება.


დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში