მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოსთვის ხორბლის მთავარ საიმპორტო ქვეყანაში – რუსეთში ხორბალზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი ყოველწლიურად იზრდება. ბოლოს გადასახადი 22 თებერვალს 11.9%-ით გაიზარდა და 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლი იქნება. თუმცა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე იციან, რომ მარცვლეულის ქვეყნის გარეთ რეალიზებისას დაწესებული ბაჟი პირველი მარტიდან კიდევ 1.9%-ით გაიზრდება და 5 275.2 რუბლს შეადგენს.
ამავე პერიოდში რუსეთში ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რაც ქვეყნიდან ფქვილის რეალიზების ზრდას უწყობს ხელს და ეს სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც აისახება. რუსეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით აიხსნება.
წლების განმავლობაში საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო. ვითარება არც 2022 წელს შეცვლილა, თუმცა ერთი განსხვავებით, გასულ წელს ქვეყანაში ხორბალზე მეტად რუსული ფქვილის იმპორტი გააქტიურდა, რაც სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ხორბალზე ბაჟის დაწესებით აიხსნება. ამ პირობებში ქართული იმპორტიორი კომპანიებისთვის ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახდა, შედეგად წინსქვილკომბინატთა ნაწილი გაჩერდა, ხოლო იმპორტიორები ფქვილის შემოტანაზე გადაეწყნენ.
2022 წელს ხორბლის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 95.1% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით შემცირდა. შესაბამისად, გასულ წელს 184 063 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 65.7 მლნ დოლარი გავიდა.
რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 61.6 მლნ დოლარის 174 132 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზე იყო. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 12 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 29.4%-ითაა შემცირებული, მოცულობის მხრივ კლება – 48%-ია.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრის მონაცემებს, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან 16 704 ტონა ხორბლისა და მესლინის შესაძენად 5.3 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იანვრის იმპორტს 44.3%-ით აღემატება. მოცულობით კი ხორბლის იმპორტი 42%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ იანვარში ხორბალი მხოლოდ რუსეთიდან შემოვიდა, ანუ ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო.
ამავე პერიოდში ქვეყანაში 6 მლნ დოლარის ღირებულების 18 050 ტონა ფქვილი შემოვიდა. იმპორტი თითქმის გაორმაგებულია, ანუ 98%-ით არის გაზრდილი. მოცულობა კი 101%-ით გაიზარდა. ფქვილის საიმპორტო ბაზრები იანვარში, ხორბალთან შედარებით დივერსიფიცირებული იყო, მაგრამ იმპორტის 98.5% რუსულ ფქვილზე (5.8 მლნ დოლარი, 17 928 ტონა) მოდიოდა. საიმპორტო ბაზრებს შორის თურქეთი (54 ათასი დოლარი, 77 ტონა), უკრაინა (28 ათასი დოლარი, 41 ტონა), იტალია (3 ათასი დოლარი, 3 ტონა) იყვნენ.
ხორბლისა იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ხორბლის გადამმუშავებელი ადგილობრივი წისქვილკომბინატები კვლავ გაჩერების პირას არიან.