თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, თუშეთში არსებულმა სასტუმროებმა წინასწარ გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეგულაციები და ვიზიტორთა მიღება დაიწყეს.
გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, საზღვარგარეთიდან ჯავშნები გაუქმდა და ძირითადად ქართველი ან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ თუშეთს. მიმდინარე წელს, 600-მდე ვიზიტორმა უკვე მოინახულა თუშეთი, აქედან უცხოელი ტურისტი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.
საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, სათავგადასავლო და გასტროტურები, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თუშეთში ჩასულ ტურისტებს სთავაზობს ეს უნიკალური კუთხე, თავისი თვითმყოფადობით, ავთენტური და განუმეორებელი ბუნებით. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე, რომლის კონტურები უკვე არსებობს და პერსპექტივაში ეს პროექტი რეალიზებული გახდება.
®