Home დღის ამბები თუშეთის საავტომობილო გზა შესაძლოა 5 ივნისიდან გაიხსნას

თუშეთის საავტომობილო გზა შესაძლოა 5 ივნისიდან გაიხსნას

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის გამწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია. ამის მიზეზი გზის 36-ე მონაკვეთზე იქ , სადაც 5 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა, ახალი ზვავი ჩამოწვა და საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად ჩახერგა. დღეს დილიდან ადგილზე ვითარების შესასწავლად წავიდა ზედამხედველი კომპანია, რომელიც აღნიშნულ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. “გზის გაწმენდამდე გეოლოგების ნებართვას ელოდებიან, რათა საფრთხე და რისკი სწორად შეფასდეს და ამის შემდეგ დაიწყოს სამუშაოები. 35- კილომეტრიანი მონაკვეთი ქვა-ღორღისგან და მეწყერისგან გასუფთავდა, თუმცა კიდევ მიმდინარეობს მეწყრულ-ღვაცოფული ადგილების დამუშავება. სავარაუდოდ, 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება, “- განმარტავს ახმეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი. რთული კლიმატური პირობების გამო, თუშეთში, ვიზიტორები მოგზაურობას სავარაუდოდ, 5 ივნისიდან შეძლებენ. დიდთოვლობის გამო თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ზამთრის პერიოდში მთაში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელიც ყოველკვირეულ რეისს რამდენიმე წელია ახორციელებს.