Home დღის ამბები თელავი სამაგიდო თამაშების ქალაქი

თელავი სამაგიდო თამაშების ქალაქი

6 ივლისს, 19:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისის ღია სივრცეში თელაველი ფოტოგრაფისა და სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ბეჟანიშვილის პროექტის „თელავი – სამაგიდო თამაშების ქალაქი“ პრეზენტაცია გაიმართება.

შეხვედრა შეეხება თელავის როგორც სამაგიდო თამაშების ქალაქის იდეას, რომელიც მიზნად ისახავს სამაგიდო თამაშების საშუალებით ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას, მათთვის ლიდერის თვისებების განვითარებას და სამაგიდო თამაშების კულტურის როგორც ტურიზმის ცალკეული სახეობის დამკვიდრებას.

პროექტის პრეზენტაციასთან ერთად ჩატარდება სამაგიდო თამაშების საჩვენებელი პერფორმანსი.

დედაქალაქისგან განსხვავებით, საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კახეთში, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის გასართობი და განტვირთვის ადგილები არც ისე ბევრია. ამიტომ გიორგი ბეჟანიშვილმა სამაგიდო თამაშების იდეის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და სამაგიდო თამაშების კლუბი გახსნა. კლუბი ძირითადად კატანზე, Game of Throne-ზე და სხვა მაღალი კლასის საინტერესო სამაგიდო თამაშებზეა ორიენტირებული. მსურველებს სამაგიდო თამაშში მხოლოდ მინიმალური სიმბოლური თანხის გადახდა უწევთ, რაც ახალი სამაგიდო თამაშების ყიდვას ხმარდება.

შეხვედრის მიზანია თვითმმართველობის, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდეს ხედვა და მომზადდეს თელავის, როგორც სამაგიდო თამაშების ქალაქის გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და პრიორიტეტების განსაზღვრას.