კახეთში, კორონავირუსი 4 მოქალაქეს დაუდგინდა, მათ შორის ერთი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები დაინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეა , რომელიც თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცია. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტების მოძიებას ინტენსიური რეჟიმით ცდილობენ.
PCR კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუფიქსირდა ყვარელში მცხოვრებ 70 წლის კაცსაც, რომელსაც სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს . ის სპეციალიზირებულ კლინიკაში თბილისში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანს, აქ ვირუსი ე.წ გორის ქორწილის კლასტერიდან კონტაქტის ორ კონტაქტს აღმოაჩნდა. PCR ტესტის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ორივე მათგანი 14 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში იმყოფება . მათ მკურნალობა სავარაუდოდ, ადგილზე ჩაუტარდება.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებული 56 დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.