საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თელავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მუხამბაზს”, ჰოლივუდში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლელა ხუციშვილის ინფორმაციით, საელჩოს მხრიდან უარის მიზეზი, გაურკვეველია.
,,წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ გვითხრეს უარი. ჩვენ უკვე ნომრებს ვამზადებდით. ამხელა შრომა გავწიეთ, შესარჩევ ტურში გავიმარჯვეთ და ასეთი დარტყმა მივიღეთ უცბად. ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი კულტურის პოპულარიზაციის შესაძლებლობა. მე, პირადად, ოთხ ამერიკელ ოჯახთან ვმეგობრობ და ამერიკის კონსულმა “საუკეთესო მასპინძლის” წოდებითაც კი დამაჯილდოვა. ყველა სახელმწიფო უწყებას მივმართავ, დაგვეხმარონ “.- განაცხადა ხუციშვილმა.
სახელმწიფო უწყებების საქმეში ჩართვას ითხოვენ, ანსამბლის წევრების მშობლებიც. ერთ- ერთი მშობლის, ლეილა გიორგელაშვილის ინფორმაციით, საელჩოდან მიღებული უარის გამო, მისი შვილი ანსამბლის დატოვებას აპირებს.
,,აღარ ვლაპარაკობ თანხებზე, რაც საჭირო დოკუმენტების მომზადებაში დავხარჯეთ. ბავშვებმა იმდენი იშრომეს და ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. ამის გამო, ბავშვი ანსამბლის დატოვებას აპირებს. ყველა უწყება უნდა დაგვეხმაროს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა შევძლოთ”- განაცხადა გიორგელაშვილმა.
განცხადება, მომხდარი ფაქტის შესახებ, ანსამბლის დამფუძნებელმა უკვე გაგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს ანსამბლი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრსაც მიმართავს. საჩივრის წერილი საქართველოში, უკვე გამოაგზავნეს ჩემპიონატის დირექტორატიდან. ქორეოფრაფიული ანსამბლების მსოფლიო ჩემპიონატი ” მსოფლიოს ვარსკვლავები” 24 ივლისს, კალიფორნიაში ტარდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყანა მონაწილეობს. ჩემპიონატის საგზური ” მუხამბაზმა”, 7 დეკემბერს, თბილისში გამართულ გამართულ შესარჩევ ტურში მოიპოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად, ანსამბლის 15 კაციანი შემადგენლობას, სამგზავრო ბილეთები 22 ივლისისათვის ჰქონდა დაჯავშნილი.