თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად დედა და მისი ორი შვილი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ კონდოლში იმ დროს მოხდა, როცა ქალი ორ მოზარდ შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ექიმის ინფორმაციით, მოზარდებს მოტეხილობები აღენიშნებათ, ერთ-ერთი მათგანი კი მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება ქალს, მისი მდგომარეობა მძიმეა და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“ავარიის დროს შემოიყვანეს სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი. ქალბატონის და ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. მათ მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ”, – განაცხადა ექიმმა ნინომ ჩიტაძემ.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.