ლაფანყურში, ერთი საუკუნის წინ, ჩამოსახლებული ფშაველები და ხევსურები, ცხოვრობენ. მათ, ერთი მხრივ, შეინახეს წინაპართა ძირძველი ტრადიციები, მეორე მხრივ, კახეთის ყოფასა და ტრადიციებს შეეწყვნენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთვის ხელშეწყობა, ამ ტრადიციების შენახვასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში. სალოტბარო სკოლის გახსნის აუცილებლობაც ამ გარემოებამ გამოიწვია. ასევე, აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტიურ მიგრაციას განიცდის, რაც ადგილზე ტრადიციის თანდათან გაქრობა-გადაშენების საფრთხეს ქმნის. სალოტბარო სკოლის გახსნის შესაძლებლობა, ზემოთქმულ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად განაპირობა სოფლის საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის გიორგი ბაზერაშვილის მისვლამ. გიორგი გაეცნო ბავშვების მისწრაფებებს, უნარებსა, თუ შესაძლებლობებს და ისე შეაყვარა მათ სიმღერა-გალობა, რომ სკოლაში გამორჩეული ბავშვებისგან ანსამბლიც კი შედგა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ, პირველი სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა. 10 წლის მანძილზე, ფოლკლორის ცენტრმა, საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და დღეს უკვე 2000-მდე მოსწავლე, სრულიად უსასყიდლოდ ეუფლება ქართულ მრავალხმიანობას, ტრადიციულ გალობასა და ქორეოგრაფიას. 2025 წლიდან სალოტბარო სკოლებში ქართული ზეპირსიტყვიერების სწავლებაც დაიწყო. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
Home ბლოგი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 45-ე სალოტბარო სკოლა იხსნება