წელს თელავის თეატრმა 257 სეზონი გახსნა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს მთელი საქართველო.
„თელავის თეატრის ისტორია ერეკლე II მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი), სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, გადაწყვიტა თეატრალური დასის შექმნა. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. ამავე დროს თეატრში სპექტაკლებს დგავდა თეატრალური ხელოვნებით გატაცებული გაბრიელ მაიორი. “ერეკლეს თეატრში” ასევე მოღვაწეობდა დავით მაჩაბელი “წარჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთაგან მეფისაი, მუსიკოსი და კომედიანტი და ესე იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახლსა შინა”. 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. ამავე ბრძოლაში დაიღუპა გაბრიელ მაიორიც. ქართული პროფესიული თეატრის განახლების შემდეგ, პირველ ოფიციალურ ცნობას თელავის თეატრის შესახებ 1867 წელს გვაწვდის გაზეთი “ივერია”. თელავის თეატრში მოღვაწეობდნენ ცნობილი ადამიანები: მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ. წელს თელავის თეატრმა 257 სეზონი გახსნა და მის შემოქმედებას კარგად იცნობს მთელი საქართველო.“
დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე : მთავარი ამბები კახეთში
დააკლიკეთ ფოტოს და მიყევით ბმულს