📍 8 ივლისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგს — თელაველი ახალგაზრდა მეცნიერი შოთა აზიკური გახდა ფილოსოფიის დოქტორი. მან სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „Science in Democracy: Constructing the Authority of Science“ – „მეცნიერება დემოკრატიაში: მეცნიერების ავტორიტეტის კონსტრუირება“ – დაიცვა და ერთდროულად მიიღო დოქტორის ხარისხი ილიაუნისა და გერმანიის მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტისგან.
დაცვა განხორციელდა ორმაგი ხელმძღვანელობის — კოტუტელის — ფარგლებში, რაც დოქტორანტებს აძლევს შესაძლებლობას ერთდროულად მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი.
შოთა აზიკურის კვლევა ეხება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს თანამედროვე დემოკრატიისთვის: 🔹 როგორ შეიძლება მეცნიერებამ შეინარჩუნოს ავტორიტეტი და ხარისხი, ხოლო ამავდროულად დარჩეს დემოკრატიულად ანგარიშვალდებული? 🔹 ნაშრომში გაანალიზებულია ექსპერტული ცოდნისა და მოქალაქეთა ავტონომიის ურთიერთობა, მეცნიერების ვიწრო სპეციალიზაციის მიერ წარმოქმნილი ბარიერები საზოგადოებრივი ჩართულობისთვის, და შემოთავაზებულია მოდელი, რომელიც აკავშირებს მეცნიერებასა და პოლიტიკურ პროცესებს ლეგიტიმურად და თანასწორად.
„პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო მეტად მეცნიერებას. ამავე დროს იზრდება უნდობლობა. ჩემი კვლევა ცდილობს აჩვენოს გზა, როგორ შეიძლება მეცნიერების ავტორიტეტი მოექცეს დემოკრატიულ ჩარჩოში ისე, რომ გადავლახოთ როგორც პოპულიზმი და სკეპტიციზმი, ასევე ტექნოკრატიული გავლენა“, — ამბობს შოთა აზიკური.
მისი აკადემიური მენტორები იყვნენ:
👨🏫 პროფესორი მიხაელ კვანტე — გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე ფილოსოფოსი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პრორექტორი, ცნობილი ჰეგელისა და მარქსის ინტერპრეტაციებით, სოციალური სახელმწიფოსა და ეთიკური თეორიების კვლევით.
👨🏫 პროფესორი გიგა ზედანია — ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი (2014–2022), ფილოსოფოსი და მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
სადოქტორო ნაშრომი შესრულდა ინგლისურ ენაზე და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს აკადემიურ ნაბიჯს ქართულ-გერმანულ ინტელექტუალურ თანამშრომლობაში.
🔬 ვინ არის შოთა აზიკური?
▪️ წარმოშობით თელავიდან, შოთა აზიკურმა აკადემიური კარიერა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2012-2015 წლებში დაამთავრა მათემატიკის ბაკალავრიატი. ▪️ შემდეგ გააგრძელა სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი (2015–2018).
შოთა აზიკური არის თელავის უნივერსიტეტის პროფესორის, ( ბიოლოგიის მიმართულებით ) გელა აზიკურის და უნივერისტეტის რეესტრის ადმინისტრატორის, მაია მაისურაძის შვილი. მისი გზა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ ცვლის საერთაშორისო თანამშრომლობა ქართულ მეცნიერებას და როგორ იმკვიდრებს ქვეყანა ადგილს გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
რედაქციის სახელით : 🎓 ვუსურვებთ შოთა აზიკურს წარმატებებს სამომავლო აკადემიურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში — საქართველოს განვითარებისთვის!