2020 წლის 7 აგვისტოს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) თელავის ოფისის ორგანიზებით თელაველი ისტორიკოსეების: თეიმურაზ ვახტანგიშვილისა და თენგიზ სიმაშვილის წიგნის „თელავი წარსული და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია გაიმართა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას წიგნი ფილოლოგიის დოქტორმა, სოფიო არსენიშვილმა წარუდგინა.
ნაშრომს გარკვეულწილად ქალაქ თელავის ისტორიის „მეგზურის“ დანიშნულება აქვს. მასში ზოგადად გაშუქებულია თელავის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, თუმცა, უფრო მეტი ყურადღება დათმობილი აქვს ახალი და უახლესი პერიოდის მოვლენებს, ისტორიული ძეგლებისა და ქუჩების აღწერილობას. წიგნის ავტორები მთავარ ყურადღებას ქალაქის ცენტრალური მოედნისა და მასთან დამაკავშირებელი ძირითადი ქუჩების აღწერაზე, განაშენიანებასა და იქ მცხოვრებ ადამიანთა ვინაობის წარმოჩენაზე ამახვილებენ.
წიგნში გარკვეული ადგილი უკავია თელავის რევოლუციურ წარსულს, ამასთან ერთად, მოთხრობილია საბჭოთა რეპრესიების დროს (XX-ს. 20-30-იანი წწ) წამებისგან დაღუპულ ადამიანებზე, მითითებულია თელავში არსებულ რეპრესირებულთა წამების ადგილები, მათ შორის მოთხრობილია „თელავის გოლგოთა“-ზე (გიგოს გორა) დახვრეტილ ადამიანთა შესახებ.
სოფიო არსენიშვილის თქმით, ნაშრომი თელავისა და მისი შემოგარენის გასაცნობად ჩამოსულ სტუმრებს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის ქალაქის წარსულსა და აწმყოზე. მისივე თქმით, საინტერესო ისტორიით ცნობილ ქალაქში ჩამოსული ტურისტები წიგნის საშუალებით ბევრ ახალ, საინტერესო დეტალს გაიგებენ არა მარტო თელავის, არამედ საქართველოს ისტორიის შესახებაც.
წიგნს საფუძვლად უდევს საქართველოს ეროვნული, კახეთის რეგიონალური და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში დაცული მასალები, ასევე, თელავის ისტორიული მუზეუმის ფონდებში დაცული ქალაქის მემატიანეების: ივანე პაატაშვილის, გიორგი მელითაურის, გიორგი ჯაშიაშვილის და სხვათა მემუარული მემკვიდრეობა.
წიგნის ერთ-ერთი ავტორის, თენგიზ სიმაშვილის თქმით, წიგნი მცირე ტირაჟით, თელაველი ქველმოქმედის ნანა სპარსიაშვილ-ვეისმანის ფინანსური დახმარებით გამოვიდა. მისივე განმარტებით, წიგნზე მკითხველის დიდი მოთხოვნაა და დამატებითი სახსრების მოძიების შემთხვევაში, კიდევ გამოიცემა.
შეგახსენებთ რომ თენგიზ სიმაშვილი მთავარი ამბები კახეთის რუბრიკა „იხეტიალეს “ ხშირი სტუმარია
იხილეთ ბმული :
თელავის უცნობი „თეთრი ეკლესია“- რუბრიკის სტუმარი: მკვლევარი, თენგიზ სიმაშვილი
დანგრეული სამების ეკლესიის ისტორისს და სიყვარულის ამბავი წარსულის თელავიდან