საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა განაცხადები არაუგვიანეს 1 ივლისისა უნდა წარადგინონ – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს, სადაც სასტუმრო ინდუსტრიისთვის განკუთვნილი თანადაფინანსების პირობებია გაწერილი.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, „აწარმოე საქართველოში“ განახლებული პირობებით იწყებს განცხადებების მიღებას პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას და მათ ბაზარზე ოპერირების გაგრძელებას. კერძოდ, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისთვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.
თანადაფინანსების პროგრამის პირობები შემდეგია:
აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას განახორციელებს, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად.
1. არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;
2. არაუმეტეს 70%-ის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში;
თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში დასაფინანსებელი სესხის წილის მაქსიმალური ოდენობა:
1. 5 000 000 ლარს – ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში
2. 1 750 000 აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში
3. 1 600 000 ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში;
სესხის თანადაფინანსებისთვის სახელმწიფო პროგრამაში გაწერილია პირობები, რომლის მიხედვით წყდება ესა თუ ის სუბიექტი შეძლებს თუ არა პროგრამაში მონაწილეობას:
• კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
• სასტუმრო უნდა მოიცავდეს მინიმუმ 4 ნომერს, რომლებიც განთავსებული უნდა იყოს, ერთ საკადასტრო კოდზე.
• მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია;
• პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.
• პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული ინდ. მეწარმე ან იურიდიული პირი.
• პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით.