2023 წელს მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდები ძალიან პოზიტიურ დინამიკას უჩვენებს, 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, 70%-ს აღემატებოდა და ახლა 30%-ზეა ჩამოსული, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ მიერ დასმულ შეკითხვას, რა გაკეთდა 2023 წელს მოქალაქეთა ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად და რა იგეგმება 2024 წლისთვის ამ მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ამას შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად შემცირება სჭირდება. ყველაზე დიდი დანახარჯი არის ისევ და ისევ მედიკამენტებში და არის ძვირად ღირებული ჰოსპიტალური სერვისები, რომელიც, თუ აქ სახელმწიფო არ შემოვიდა თავისი კონტრიბუციით, რთულია, მოქალაქემ დაფაროს. მაგალითად, ონკოქირურგია, ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, იმავე ონკოლოგიური დაავადებებისთვის, რაც ჩვენთან არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით 2024 წლიდან ძალიან კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება.
„ერთი, ადრეულ ეტაპზე დაავადებების გამოვლენის, განსაკუთრებით, ონკოდაავადებების გამოვლენისთვის ახალი კომპონენტი ამოქმედდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც ძვირად ღირებულ რადიოლოგიურ გამოკვლევებს დაფარავს იმ პაციენტებისთვის, ვისაც სჭირდება დადასტურება, რომ ეს არის ნამდვილად კიბო, რა სახისაა, როგორი გავრცელება აქვს, მეტასტაზურია, თუ არა და ა.შ, იმისთვის, რომ მერე მკურნალობა დაენიშნოს სწორად. რაც შეეხება მკურნალობას, იცით, რომ წელს უკვე გაფართოვდა და ლიმიტი გაიზარდა; პირდაპირი შესყიდვა იმის საშუალებას იძლევა, რომ მოქალაქემ და სახელმწიფომაც ღირებულების დაახლოებით, 40%-მდე დაზოგოს მედიკამენტებზე, ქიმიოთერაპია და სხვა ძვირად ღირებული მედიკამენტები მაქვს მხედველობაში. აქამდე, პირდაპირ უნდა გადაეხადა, ან მოქალაქეს, ან სახელმწიფოს“, – განაცხადა გაბუნიამ.