Home მსოფლიო „თალიბების“ ინფორმაციით, ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად 920 ადამიანი დაიღუპა

„თალიბების“ ინფორმაციით, ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად 920 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას მინიმუმ 920 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ ლიდერის მოადგილემ კატასტროფების მართვის საკითხებში, შარაფუდინ მუსლიმმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაშავდა კიდევ 600 ადამიანი.

ამასთან, „თალიბანის“ ლიდერმა, ჰიბათულა ახუნდზადამ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად ასობით სახლი დაინგრა და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა, როდესაც ადამიანების უმრავლესობას ეძინა.

BBC-ი წერს, რომ მიწისძვრა, როგორც წესი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ავღანეთს, სადაც სოფლებში საცხოვრებელი სახლები არამყარი და ცუდად აშენებულია.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო.