Home დღის ამბები ეკონომიკა ზეითუნის ზეთი ძვირდება

ზეითუნის ზეთი ძვირდება

კომპანია Acesur-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს სუპერმარკეტებს ზეითუნის ზეთით ამარაგებს, BBC-თან განაცხადა, რომ მომდევნო 3-4 თვეში პროდუქციას გაზრდილი ფასებით მიიღებენ.

მსოფლიოში ზეითუნის ზეთის თითქმის ნახევარს ესპანეთი აწარმოებს, იტალიასთან და პორტუგალიასთან ერთად. თუმცა ბოლო თვეებში თითოეული ეს ქვეყანა ნალექის სიმცირეს განიცდის, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის წარმოებაზე.

Acesur წელიწადში 200 000 ტონაზე მეტ ზეითუნის ზეთს აწარმოებს და 100-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ზეთისხილის უმეტესი ნაწილი მოჰყავთ ანდალუსიაში, სამხრეთ ესპანეთში, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან მცირე ნალექი იყო.

გასულ წელს ესპანეთმა დაახლოებით 1,4 მილიონი ტონა ზეითუნის ზეთი აწარმოა, მაგრამ წელს, ამ სეზონისთვის ოფიციალური პირები მხოლოდ 1 მილიონ ტონას პროგნოზირებენ. კომპანია Acesur-ის წარმომადგენლის თქმით, მშრალმა ამინდმა შესაძლოა, გავლენა მომავალი სეზონის მოსავალზეც იქონიოს, თუ წყლის ნაკლებობის გამო ახალი ტოტები ვეღარ გაიზრდება.

როგორც Acesur-ის წარმომადგენელმა, მისტერ კოლმენერომ განაცხადა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფასების ზრდა გარდაუვალია. განახლებულ კონტრაქტებში, რომლებსაც მომხმარებლებს დაუდებენ, 20-25%-ით მეტი ფასი იქნება ნაჩვენები.