საუბარში ხშირად ვიყენებთ ფრაზებს, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადმოეცემა, მაგრამ იშვიათად ვინტერესდებით ამ ფრაზების წარმომავლობით. მაგალითად, არსებობს ასეთი გამოთქმა – “შენც ახლა ყარამან ყანთელი არ მყავდე”.
ცხადია, რომ აქ ყარამანი ძლიერ, რაღაცით გამორჩეულ, ყოვლისშემძლედ არის წარმოდგენილი.
ადამიანების უმეტესობამ არ იცის, საიდან იღებს სათავეს გამოთქმა, ხოლო ნაწილს კი მიაჩნია, რომ მას საფუძვლად უდევს აკაკი გეწაძის მიერ შექმნილი იუმორისუტლ-სათავგადსავლო ნაწარმოები, “არ მოკვდე სიკვდილამდე, ანუ წუთისოფლის შავ-თეთრი კრიალოსანი”, რომლის მთავარი პერსონაჟი სწორედ ყარამან ყანთელაძეა. 1968 წელს ეს პიესა მარჯანიშვილის თეატრში ორმოქმედებიან კომედიად, სახელწოდებით – “ყარამან ყანთელაძე” რეჟისორმა ანზორ ქუთთელაძემ დადგა.
თუმცა “ყარამან ყანთელი” ქართველების მეტყველებაში XX საუკუნის 60-იან წლებამდეც არსებობდა, ამიტომ ფესვები უფრო შორს უნდა ჰქონდეს და სათავეს ჩვენს ფოლკლორში იღებდეს.
როგორც ფოლკლორისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე და ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან სიხარულიძე ამბობს, ყარამანი, როგორც პერსონაჟი, ფოლკლორში არ გვხვდება. გამოდის, რომ ხალხში ეს გამოთქმა ლიტერატურული ძეგლის გავლენით დამკვიდრდა. “ყარამანიანი” ხომ საფალავნო რომანია (მთავარი გმირის სახელის მიხედვით), რომელიც სპარსულიდან თარგმნა (1762-1774 წლები) ერეკლე მეორის სიძემ დავით ორბელიანმა (თავადვე ჩამოიტანა სპარსეთიდან). სარაინდო-საფალავნო ნაწარმოებების გმირები ხომ ბუმბერაზული აღნაგობითა და ძალით (“ამირანდარეჯანიანის” პერსონაჟების მსგავსად. ყარამანიც ასეთივე მებრძოლი იყო) გამოირჩევიან.
“ყარამანიანი” XIX საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო და ხმამაღლაც იკითხებოდა. ამას ადასტურებს იოსებ გრიშაშვილიც, როდესაც წერს, რომ “ყარამანიანის” თბილისის მკვიდრთათვის კითხვა ყველაზე დიდი გასართობი იყო.
გამოდის, ყველასთვის ცნობილი “ყარამანიც” სწორედ აქედან დამკვიდრდა ზეპირსიტყვიერებაში, როგორც ძლიერი პიროვნების აღმნიშვნელი.
თავად სახელი სპარსული წარმოშობისაა და თარგმანში ნიშნავს გმირს.