საქართველოს მთავრობამ განიხილა და ხელშეკრულება მოიწონა, რომლის თანახმადაც, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ევროკავშირის პროექტის (ENPARD) ფარგლებში, ფინანსური დახმარების სახით, 190 629 ლარის გრანტი მიიღო. აღნიშნული გრანტით ვაშლოვანის ეროვნულ პარკში თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
ცენტრის მშენებლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანადაფინანსება 67 150 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის აშენება.
ახალი შენობის პირველადი და ძირითადი დანიშნულება იქნება სამეცნიერო- კვლევითი. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და კვლევითი მიზნით გამოიყენონ სივრცე.
შენობა გამოყენებული იქნება სტუმრების განთავსების მიზნითაც, რაც სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საშუალებას მისცემს, დაცულ ტერიტორიებზე უმასპინძლოს ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს, სკოლის მოსწავლეებს, ეკობანაკებს, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და სხვა.
საქართველოში, საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურების ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოგზაურებისა და ვიზიტორებისთვის დაცული ტერიტორიების სასურველ მარშუტებზე ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
დღეისათვის, ვიზიტორთა ცენტრები სრულად მოწყობილია 18 დაცულ ტერიტორიაზე.
2020 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკის გარდა, ვიზიტორთა ცენტრი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკშიც მოეწყობა.
2020 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ (22 163 ვიზიტორი), 2019 წლის იანვრის თვის მონაცემებთან შედარებით (17 472 ვიზიტორი), 27%-ით მოიმატა. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 47%-ით.