კანადური საკონდიტრო კომპანია Candy Funhouse ტკბილეულის ოფიცრის ვაკანსიას აცხადებს. კერძოდ, კომპანია ეძებს ადამიანს, რომელსაც საკონდიტროს ნუგბარის დაგემოვნება მოუწევს და ამაში წელიწადში 78 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ვაკანსია LinkedIn-ზე ივლისში გამოქვეყნდა და მასზე გამოხმაურება უკვე რამდენიმე ათას აპლიკანტს ჰქონდა.
Candy Funhouse ტორონტოს გარეუბანში მდებარეობს და ადგილობრივ საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს. საკონდიტროს ამჟამინდელი მფლობელების მშობლები წარსულში ასევე წარმატებული კონდიტერები იყვნენ – მათ დონატების მაღაზია და ადგილობრივი რესტორანი ჰქონდათ.
კომპანიის დირექტორის თქმით, 2021 წელს, პანდემიის პირობებში გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რაც შეეხება ვაკანსიას, კომპანიის განცხადებით, ტკბილეულის ოფიცერი შესაძლოა, გახდეს პირი 5 წლის ასაკიდან, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მშობლის ნებართვა.
კომპანიას 340 000 გამომწერი ჰყავს „ინსტაგრამზე“ და 3 მლნ. Tik-Tok-ზე. „გამომწერებს შორის არის კარდაშიანი“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, თუმცა რომელი კარდაშიანი იგულისხმა, მან არ დააკონკრეტა.
ამჟამად, კომპანია ჰელოუინის წინა მოსამზადებელ პერიოდს იწყებს, რომლის დროსაც გაყიდვები თავის მაქსიმუმს აღწევს. მითუმეტეს, რომ გასულ კვირას ტკბილეულის გიგანტმა Hersheys-მა განაცხადა, რომ წელს ჰელოუინთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება მას გაუჭირდება.