2022 წელი ტექნოლოგიური კომპანიებისა და მათი ხელმძღვანელებისთვის უაღრესად არასახარბიელო აღმოჩნდა. გლობალური საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, შემცირებულია თითქმის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, თუმცა მათ შორის ყველაზე უარესი შედეგი Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta Platforms-სა და მის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს აქვთ.
ერთი წლის განმავლობაში ცუკერბერგის ქონების შეფასება თითქმის 100 მილიარდი დოლარით შემცირდა და მან Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-3 ადგილიდან, $36-მილიარდიანი ქონებით, 29-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც ვარდნის ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
ამერიკელი მეწარმისა და მისი ტექნოლოგიური კომპანიის დაღმასვლა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად კომპანია Meta-ს ფინანსურ შედეგს და მის მიმართ ინვესტორთა განწყობის გაუარესებას უკავშირდება.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, კომპანიის დაფუძნებიდან პირველად, Meta-ს შემოსავლები შემცირდა, რაც უოლ-სტრიტისთვის ნამდვილად შოკისმომგვრელი სიახლე აღმოჩნდა. მიმდინარე კვირას გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან კი ირკვევა, რომ მესამე კვარტალში კომპანიის მოგების მარჟა შემცირდა, საოპერაციო ხარჯები კი იზრდება. გარდა ამისა, ცუკერბერგი აანონსებს, რომ მეტავერსისა და ვირტუალური რეალობის დეპარტამენტების განვითარების მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება, მიუხედავად კომპანიის აქციონერების უკმაყოფილებისა.
ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე კვირას Meta-ს აქციების ღირებულება 25%-ით შემცირდა, რაც აბსოლუტურ რიცხვებში კომპანიის კაპიტალიზაციის თითქმის 87 მილიარდი დოლარით შემცირებას გულისხმობს.
ერთწლიან ჭრილში ვითარება გაცილებით უარესადაა, გასულ ათ თვეში კომპანიის აქციების ღირებულება 70%-ით დაეცა, Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია კი პიკური $1.07-ტრილიონიანი ნიშნულიდან $263 მილიარდამდე შემცირდა.
Meta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის განმარტებით, შემოსავლების შემცირების განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი გლობალური ეკონომიკური ვითარების გაუარესება და ზედმეტად გამყარებული ამერიკული დოლარია.
ექსპერტების შეფასებით, Meta გაცილებით უფრო კომპლექსური პრობლემის წინაშეა, ვიდრე ეს უბრალოდ ეკონომიკური ვითარების გაუარესებაა. Facebook-ის უმთავრეს გამოწვევად ექსპერტები კონკურენტი პლატფორმის TikTok-ის გაძლიერებას ასახელებენ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია, რომელშიც მომხმარებლები უჩვეულოდ დიდ დროს ატარებენ და Facebook-სა თუ Instagram-ს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.
მიუხედავად Meta-ს ამბიციური რებრენდინგისა, კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროდ ისევ სარეკლამო ბიზნესი რჩება, რომლის ფუნქციონირებისთვისაც აუცილებელია, რომ მომხმარებლებმა რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ სოციალურ ქსელებს და დღის განმავლობაში მაქსიმალური რაოდენობის რეკლამა ნახონ.
საქმე იმაშია, რომ სარეკლამო ბიზნესის წარმატებისათვის მხოლოდ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა არ არის საკმარისი – ამ ასპექტში Meta ნამდვილად არ მოიკოჭლებს, მას მსოფლიოში ყველაზე მეტი, 3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
პრობლემა ისაა, რომ Meta-სთვის უფრო მეტად რთულდება მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება და აქტივობის ისტორიის შესწავლა, უშუალოდ ამ პრობლემის სათავე კი, პირველ რიგში, კომპანია Apple-ია, რომელმაც გასულ წელს iOS განახლებაში ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებელს აძლევს არჩევანს, მისცეს თუ არა აპლიკაციას პირადი მონაცემების დამუშავების უფლება.
აღნიშნული მონაცემების დამუშავების გარეშე, Facebook-სა და Instagram-ს ურთულდება პერსონალიზებული რეკლამების შეთავაზება, რაც, თავის მხრივ, Meta-ს სარეკლამო ბიზნესის ეფექტურობას ამცირებს.
ინვესტორები მოელიან, რომ Apple-ის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია Google-იც და, საბოლოო ჯამში, iOS-სა და Android-ზე ცუკერბერგის აპლიკაციები უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, რაც Meta-ს ფინანსურ შედეგებს კიდევ უფრო მეტად გააუარესებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ Meta-ს მფლობელობაში არსებული მესიჯინგ პლატფორმა WhatsApp-ი ისევ წამგებიან პროექტად რჩება, რომლის კომერციალიზაციის რეალური სტრატეგია კომპანიას ჯერაც არ აქვს; Instagram-ის მიმართ კი კრიტიკა ყოველდღიურად იზრდება, რაც სოციალური ქსელის ალგორითმის ცვლილებითა და აშკარად შესამჩნევი „ტიკტოკიფიკაციის“ პოლიტიკითაა განპირობებული.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Meta-ს მთავარი პროექტი – მეტავერსი ჯერაც განვითარების საწყის ეტაპზეა და მის კომერციალიზაციაზე საუბარი უახლოეს მომავალში უბრალოდ აზრს მოკლებულია. ცნობისთვის, მეტავერსის განვითარების დეპარტამენტის გამო, გასულ წელს კომპანიამ 10 მილიარდი დოლარით იზარალა, რასაც ინვესტორების მხრიდან პოზიტიური შეფასებები ნამდვილად არ მოჰყოლია.
ზოგადად, მომგებიანი იქნება თუ არა მეტავერსის მრავალმილიარდიანი ფსონი, ამის თქმა ამჟამად თითქმის შეუძლებელია, აღნიშნული ტექნოლოგიის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე საუბარი კი ახლა იმდენად რთულია, რამდენადაც 90-იან წლებში ინტერნეტის რეალური მასშტაბებისა და პოტენციალის წინასწარ განჭვრეტა.
მიუხედავად ამისა, ინვესტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეტავერსი მარკ ცუკერბერგის ოცნების ნაწილია და ის შეუძლებელია კომპანიის რაციონალურ სტრატეგიად იქნეს განხილული. Meta-ს დირექტორის მიმართ კრიტიკას იზიარებენ ის ინვესტორებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცუკერბერგმა თანამდებობა უნდა დატოვოს და კომპანიას დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეს.
ცუკერბერგის განცხადებით, ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე, კომპანიის კვარტალური პროგნოზები შემცირებულია და გაფართოების სტრატეგიაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით ან წლით გადაიწევს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი ამბიციური სტრატეგიის მიმართ.