ერთი მტერი გვყავს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს თუ სახელმწიფოს, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომ მთავარი აქცენტი ამ ვირუსთან ბრძოლაზე უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„ამ სიტუაციიდან ორი შესაძლო გამოსავალი არსებობს – კიდევ ჩაკეტო ქვეყანა და სრული კარანტინი გამოაცხადო ან მართვადი პანდემიის უფრო ეფექტური და აქტიური რეჟიმი დააწესო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არ შეუძლია სრული კარანტინის გადატანა, იმიტომ, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება. ამიტომ, უნდა ავირჩიოთ მეორე მეთოდი – ყურადღების გამახვილება პერსონალური დაცვის საშუალებებზე. პირბადე ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს. მინდა, გავიხსენო ჯანმოს დირექტორის გამოსვლა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მთავარია, აქცენტები არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ვირუსის წინააღმდეგ მივმართოთ. ერთი მტერი გვყავს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, მოქალაქეს თუ სახელმწიფოს, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომ მთავარი აქცენტი ამ ვირუსთან ბრძოლაზე უნდა გავაკეთოთ. ყველას ვთხოვ, ყველგან ვატაროთ პირბადე. მით უმეტეს, რომ ზამთარი მოდის და ის სხვა ინფექციებისგანაც კი დაგვიცავს. ამ პირბადის ტარებას ბევრი სარგებელიც აქვს. გვინდა, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს და თან არც პანდემია გვქონდეს ეს ორი რამე ერთმანეთთან ძალიან შეუთავსებელია. ქვეყანა ბოლომდე ვერ დაიკეტება – ეს შეუძლებელია. საქართველოში ბუნებრივთან ახლოსაა ვირუსის გავრცელების ე.წ. რეპროდუქციული ინდექსი. ანუ ერთ ადამიანს შეუძლია 3-4 ადამიანის დაინფიცირება. ამ მაჩვენებლის 50-70%-ით დაწევა შეგვიძლია პირბადის ტარებით, მაქსიმალურად დისტანციური მუშაობით. სადაც საჭირო არაა, სტუმრად ნუ წავალთ – ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევუშალოთ ხელი ვირუსის გავრცელებას. სახელმწიფოს როლს კი იმაში ვხედავ, რომ ამაზე ზედამხედველობა მაქსიმალურად გამკაცრდეს – თუ საჭიროა, ჯარიმებიც უნდა დაწესდეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.