2024 წლის ევროპის „მწვანე დედაქალაქის“ ტიტული ესპანეთის ვალენსიამ მოიპოვა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
კანდიდატი ქალაქები საერთაშორისო ჟიურიმ 12 კრიტერიუმის, მათ შორის ჰაერისა და წყლის ხარისხის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების მიხედვით შეარჩია. გამარჯვებულის გამოცხადების ონლაინ ცერემონია მიმდინარე „მწვანე დედაქალაქში,“ საფრანგეთის გრენობლში გაიმართა. მომავალ წელს ეს ტიტული ტალინს გადაეცემა.
ვალენსია განსაკუთრებით კარგად ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მხრივ გამოვლინდა. კერძოდ, ქალაქი გამოირჩევა ისეთი მწვანე ადგილების შექმნითა და დაცვით, როგორიც არის ალბუფერას ბუნებრივი პარკი და ტურიის ბაღი. გარდა ამისა, ქალაქმა დიდ წარმატებას მიაღწია ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიწის მდგრად გამოყენებაში.
2020 წელს „ევროპულსი“ წერდა, რომ მეორადი გამოყენების გადასამუშავებელი ნივთების კონტეინერები ჭკვიანი სისტემის წყალობით ნაგვის სატვირთო მანქანებს თვითონ იძახებენ. ასეთ ურნებში დამონტაჟდა სენსორები, რომლებიც შესაძლებელს ხდის ნაგვის მანქანების მარშრუტის ეკონომიურად განსაზღვრას. ამის შედეგად კონტეინერები ზედმეტად აღარ ივსება, ხოლო ნაგვის მანქანები ქალაქში ზედმეტად აღარ მოძრაობენ. სენსორები კონტეინერების გავსებას ულტრაბგერითი სისტემის გამოყენებით ადგენენ და ამასთან, საკუთარი ბატარეის დატენვის დონეს და კონტეინერში არსებულ ტემპერატურას აკონტროლებენ. ეს მონაცემები რეალური დროის რეჟიმში ერთიან სისტემას მიეწოდება. კონტეინერის შევსების დონის მიხედვით, სისტემა მეორადი გამოყენების ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო მანქანისთვის ოპტიმალურ მარშრუტს ადგენს.
გადამუშავებადი მასალების შესაგროვებელი კონტეინერები ვალენსიის სხვადასხვა წერტილში არის დამონტაჟებული და სხვადასხვა ტემპით ივსება. ისინი რომ არ გადავსებულიყო, ნაგვის მანქანებს ქალაქში სიარული საჭიროზე ხშირად უწევდათ, ახალი სისტემით კი მათი რეისების რაოდენობა და ხანგრძლივობა შემცირდა.
იმავე წელს მსგავსი სისტემა პორტუგალიის ქალაქ ბრაგაშიც ამოქმედდა.
ევროსტატის მონაცემებით, ევროპული საწარმოები გადამუშავებულ ნარჩენებს სულ უფრო ხშრად იყენებენ. 2020 წელს მისი წილი საქონლის წარმოებაში, ბოლო 15 წლის განმავლობაში, 1,5-ჯერ გაიზარდა.
ვალენსიელები, ასევე, აქტიურად არიან ჩართული „მწვანე“ ინიციატივებში. ცერემონიაზე ევროპის „მწვანე დედაქალაქის“ გარდა, „ევროპის მწვანე ფოთლის“ ტიტულის მფლობელი ქალაქებიც დასახელდნენ. ეს ტიტული „მწვანე დედაქალაქის“ სტატუსის სქემით მიენიჭა ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა 50 ათას ადამიანს არ აღემატება. მომავალ წელს „ევროპის მწვანე ფოთლის“ ტიტული დანიის ჰელსინგერსა და სლოვენიის ველენეს გადაეცემათ.
ევროკომისია ევროპის „მწვანე დედაქალაქისა“ და „მწვანე ფოთლის“ კონკურსში გამარჯვებულ ქალაქებს 2011 წლიდან ყოველწლიურად ირჩევს.