ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები აქტიურად განიხილავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალური ქსელის შექმნის საკითხს, რომელმაც სამომავლოდ თვითმფრინავი უნდა ჩაანაცვლოს.
საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის წამყვანი სარკინიგზო კომპანიების ლიდერები ესწრებოდნენ, დაითქვა გეგმაც, რომლის მიხედვით 2030 წლიდან უკვე უნდა მოხდეს ქსელის ჩაშვება, ხოლო 2050 წლისთვის მან ქსელის დაფარვის არსებული დონე უნდა გაასამმაგოს.
მათი განცხადებით, მხოლოდ მასიურ და ძალიან მაღალხარისხიან ქსელს შეუძლია რეალურად გაუწიოს კონკურენცია თვითმფრინავებს, თუმცა როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ამ ამბიციური გეგმის განხორციელებას დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსები დასჭირდება.
ამ დროისთვის ევროპაში როგორც მსოფლიოს რამდენიმე წერტილში, არსებობს სწრაფი რკინიგზის ქსელი. მათ შორის, 40 წელია, რაც ფუნქციონირებს ფრანგული, გერმანული, ესპანური და იტალიური სარკინიგზო ქსელები, რომლებიც შიდა ბაზრებზეა ორიენტირებული. ახლა კი კავშირის ქვეყნებს სურთ, ეს სწრაფი მიმოსვლა ქვეყნებს შორისაც გახადონ შესაძლებელი.
აღნიშნული კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მიზანს 2050 წლისთვის მთელი ევროპა გახადონ კარბინ ნეიტრალური, რაც მათ შორის, მოიცავს ცაში თვითმფრინავების გამონაბოლქვის მაქსიმალურ შემცირებასაც.