Home მსოფლიო ევროკავშირში 2035 წლიდან აიკრძალება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა

ევროკავშირში 2035 წლიდან აიკრძალება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა

ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს ევროკავშირში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. მიზანი ელექტრომანქანებზე გადასვლის დაჩქარება და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაა.

ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მანქანების დამამზადებლებმა ნახშირბადის ემისიები 100%-ით უნდა შეამცირონ 2035 წლამდე, რაც გამორიცხავს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას 27 ქვეყნისგან შემდგარ გაერთიანებაში.

ამ გადაწყვეტილებამ უნდა გააიაფოს იმგვარი მანქანები, რომელთა ემისიებიც ნულის ტოლია და გახადოს ისინი უფრო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.

შეთანხმება ასევე მოიცავს ახლად წარმოებული მანქანების ემისიების 2021 წლის დონესთან შედარებით 55% -ით შემცირებას 2030 წლამდე.

დიდი ალბათობით, რეგულაციის შემდეგ მანქანების დამამზადებლები აქცენტს ინვესტიციების ელექტრომანქანებში განხორციელებაზე გადაიტანენ. მაგალითად, Volkswagen-მა უკვე დააანონსა, რომ 2033 წლიდან ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებენ.