ევროკავშირი ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად მედიკამენტების მარაგს შექმნის. ჩინეთიდან იმპორტის შემცირების გარდა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ინფექციების ზრდის გამო მნიშვნელოვანი მედიკამენტების დეფიციტია. გეგმა ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრ თანოს პლევრისის საპასუხოდ გამოაქვეყნა, რომელმაც გასულ კვირას ევროკომისიისგან გააქტიურება მოითხოვა. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
ევროკომისიის განცხადებით, წამლების დეფიციტი დროებითი პრობლემა არ არის და „სისტემური გამოწვევაა მრავალი მოწყვლადი ნიშნით,“ როგორიც არის გადაჭარბებული დამოკიდებულება მრავალ ქვეყანაზე და მედიკამენტების რეგულირებისა და შეძენის გზა.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ აუცილებელი მედიკამენტებით სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველსაყოფად ევროკავშირი ამ ბაზარზე ჩაერევა. აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე ამზადებს საკანონმდებლო ნაბიჯებს, რომ „მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს ყველა პაციენტისთვის, ვისაც ეს სჭირდება და ამ ბაზარზე ნებისმიერი შეფერხება თავიდან აიცილოს.“
ევროკომისიის რეფორმის მოთხოვნები იქნება „მიწოდების ვალდებულებების გაძლიერება, წამლების დეფიციტზე წინასწარი, კიდევ უფრო დროული შეტყობინება და მარაგების გამჭვირვალობის გაზრდა.“ ევროკავშირის ეს უახლესი ზომები მიზნად ისახავს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას მას შემდეგ, რაც COVID-19-ის პანდემიამ მედიკამენტების მიწოდების ჯაჭვები შეაფერხა. მაშინ ბრიუსელი სილიკონის ჩიპების შიდა წარმოებისთვის უმსხვილესი სუბსიდირებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტზე საგანგებო აკრძალვების ინციატივით გამოვიდა.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის ინფექციების ზრდამ და ჩინეთიდან ექსპორტის შემცირებამ პაციენტებისთვის აუცილებელი მედიკამენტების, მათ შორის პენიცილინისა და პარაცეტამოლის მიღება გაართულა. ევროკავშირის, თითქმის, 27-ვე ქვეყანამ და დიდმა ბრიტანეთმა დეფიციტი გამოაცხადეს.
Financial Times ვარაუდობს, რომ ევროკომისიის ინიციატივას ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ინდუსტრია ამტკიცებს, რომ თუ მთავრობებს მიწოდების გაზრდა სურთ, მედიკამენტებში მეტი უნდა გადაიხადონ, ხოლო მარკირება და საბაზრო ნებართვები შეარბილონ.
ევროპის ფარმაცევტული მრეწველობისა და ასოციაციების ფედერაციამ Financial Times-ს განუცხადა, რომ „შიდა მიწოდების გაუმჯობესების პარალელურად ჩინეთიდან საექსპორტო ოპერაციებიც ეტაპობრივად უმჯობესდება.“