საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. გავრცელებულ განცხადებაში მიხეილ ჩხენკელმა პედაგოგების როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში. თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.
თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას. იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება. ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
5 ოქტომბერს მსოფლიო მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.