დიდ ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა, რომელზეც გერმანული კომპანია BioNTech-ი მუშაობს, შესაძლოა სექტემბრიდან დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა სტივ ბარკლეიმ გააკეთა. BioNTech-ში იმედოვნებენ, რომ ვაქცინა დასამტკიცებლად მზად 2030 წლისთვის იქნება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთის მთავრობამ გერმანიის COVID-19 ვაქცინის მწარმოებელ BioNTech-თან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 10 000-მდე პაციენტი კიბოს მკურნალობის კლინიკურ კვლევებში ჩაერთვება. BioNTech-ის ვაქცინებს სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად პაციენტების იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენებენ. ინფორმაციას The Financial Times ავრცელებს.
BioNTech-მა, რომელიც ამერიკულ ფარმაცევტულ ჯგუფ Pfizer-თან COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად თანამშრომლობს, განაცხადა, რომ კემბრიჯში 75 თანამშრომლით დაკომპლექტებულ კვლევით ცენტრს გახსნის.
ჯანდაცვის მინისტრმა სტივ ბარკლეიმ თქვა, რომ გაერთიანებული სამეფოს პაციენტებმა შესაძლოა სექტემბრის დასაწყისშივე მიიღონ მონაწილეობა კვლევებში.
BioNTech-ი კიბოს ვაქცინების შექმნაზე 2012 წლიდან მუშაობს. ახლა მიზნის მისაღწევად ცდების გაფართოების დროა, რომ პროდუქტი 2030 წლისთვის დასამტკიცებლად იყოს მზად.