დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 9.8% იყო. წინა თვეებთან შედარებით წლიური ინფლაციის დონე შემცირებულია, თუმცა ის სამიზნე 3%-ს მაინც სამჯერ აღემატება.
დეკემბერში ფასი არცერთ სერვისსა და მომსახურებაზე არ შემცირებულა. სამომხმარებლო საქონლის და სერვისების უმეტესობა გაძვირებულია, თუმცა 305 ინდიკატორს შორის, რომლითაც საქსტატი ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს, 50-ზე მეტი პროდუქტი გაიაფებულია. ფასის შემცირება ძირითადად მედიკამენტებსა და სამოსს შეეხო. გასულ თვეში 85 საკვები პროდუქტიდან 79 გაძვირდა და მხოლოდ 6 გაიაფდა.
გთავაზობთ იმ მომსახურების ჩამონათვალს, რომელზეც ფასები 2022 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა.
საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი – 101%
სანოტარო გადასახდელი – 96%
ასლის გადაღება – 59%
ბინის დაქირავების ღირებულება – 37%
საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა – 34%
მუზეუმის ბილეთი – 30.5%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 19.4%
თერაპევტის კონსულტაცია – 19.2%
ძიძის მომსახურების ღირებულება – 15.7%
საბავშვო ბაღის გადასახადი – 14.2%
შეგახსენებთ, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი, სხვადასხვა სერვისი, გართობის, დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.