საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროში დღეს საზეიმოდ გახსნა.
საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, ყვარელწყალში, ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, სანიორეში, წნორში, კაჭრეთში, ახალსოფელსა და უდაბნოში. საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო ქედის, ფიროსმანის, საბათლოს, სამთაწყაროს, ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის, მირზაანის, გამარჯვებისა და სხვათა – 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა დედოფლისწყაროში შირაქის ქუჩაზე სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.
შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები.
ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის –„სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა. პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 21 აგვისტოს ამბროლაურში გამართა. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. აქ შესაძლებელია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღება, მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამით ანიმატორებმა იზრუნეს. ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის შესახებ, ცენტრის გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს.
2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულსა და ჩოხატაურში გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და მოწვეული სტუმრები.