გენეტიკა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, საზოგადოებრივი გარემო, სტრესი და ზოგადი ჯანმრთელობის ხარისხი ის ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის წონაზე.
გარდა ამისა, ძილის ხარისხი ერთ-ერთ ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს წონაზე. ძილის ნაკლებობა მიჩნეულია სიმსუქნის გამომწვევ რისკ-ფაქტორად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ არამხოლოდ ძილის დარღვევა იწვევს სიმსუქნეს, არამედ, თავის მხრივ სიმსუქნე უარყოფით გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
ძილის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში ქმნის ჰორმონალურ დისბალანსს, რომელიც ხელს უწყობს მადის გაძლიერებას. ჰორმონი ლეპტინი მონაწილეობს წონის რეგულაციის პოცესებში. არასაკმარისი ძილის პირობებში, მისი მოქმედება იცვლება ისე, რომ ადამიანს უჩნდება შიმშილის გაძლიერებული შეგრძნება. ამას გარდა, ძილის ნაკლებობა კორტიზოლის დონის მომატებას იწვევს, რაც დაკავშირებულია წონაში მატებასთან. ძილის ნაკლებობისას ირღვევა საკვების მეტაბოლიზმის პროცესიც.
ძილის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ ქიმიურ დონეზე ცვლილებებით არ შემოიფარგლება. ის პირები, რომელთაც ძილის დარღვევები აქვთ, მიდრეკილნი არიან მაღალკალორიული საკვების მოხმარებისკენ, რაც ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს.
ჭარბი წონის მქონე პირები უფრო ხშირად განიცდიან უძილობას და ძილის პრობლემებს. მიჩნეულია, რომ სიმსუქნე ასოცირდება დღის განმავლობაში ძილიანობასა და დაღლილობასთან. სიმსუქნის მქონე პირებში ძილის ობსტრუქციული აპნოე შედარებით მწვავეა.
ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად:
საჭიროა ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა – აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს ძილის ობსტრუქციული აპნოეს სიმწვავეს;
აუცილებელია სწორი კვება – მოერიდეთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებას, ვინაიდან, მიჩნეულია, რომ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მოხმარება აუარესებს ძილის ხარისხს