სირიაში, ქალაქ ჯინდირესში, შენობის ნანგრევებში დაბადებული გოგონას შესახებ ყველამ იცის. ბავშვი გადარჩა, მას აია დაარქვეს, რაც სასწაულს ნიშნავს. როდესაც მაშველებმა იპოვეს, ის ჯერ კიდევ ჭიპლარით იყო დაკავშირებული დედასთან. გოგონას დედა, მამა და ოთხი და-ძმა მიწისძვრის შედეგად დაიღუპა.
აიას გადარჩენის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანდა მამაკაცი, რომელსაც მტვრით დაფარული ახალშობილი ეჭირა ხელში. იქვე იმყოფებოდა ოჯახის შორეული ნათესავი, ხალილ ალ-სუვადი. მას შემდეგ, რაც ბავშვი მაშველებმა ამოიყვანეს, ახალშობილი სირიის ქალაქ აფრინში, კლინიკაში ხალილმა მიიყვანა.
ბავშვი კვლავ კლინიკაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
“როდესაც ის შემოიყვანეს, მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა სისხლჩაქცევები, სციოდა და ძლივს სუნთქავდა“, – ამბობს პედიატრი ჰანი მარუფი, რომელიც გოგონაზე ზრუნავს.
ათასობით ადამიანი ახალშობილის შვილად აყვანის სურვილს გამოთქვამს და შვილად აყვანის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობს. “მინდა, ვიშვილო და ღირსეული ცხოვრება მივცე“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
“მზად ვარ ვიშვილო ეს ბავშვი და ვიზრუნო მასზე… თუ კანონი ამის საშუალებას მომცემს“, – წერს ქუვეითელი ტელეწამყვანი. საავადმყოფოს მენეჯერი, ექიმი ხალიდ ათია ამბობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კლინიკაში ათასობით ზარი შედის და ადამიანები გადარჩენილი პატარას შვილად აყვანას ითხოვენ.
“მე მას ისე ვექცევი, როგორც საკუთარ შვილს“, – ამბობს ექიმი ათია, რომელსაც თვითონ 4 თვის გოგონა ჰყავს.
ამ დროისთვის ექიმის ცოლი ძუძუთი კვებავს პატარას, თავის საკუთარ შვილთან ერთად.
თუმცა გოგონას არ გააშვილებენ. ცნობილი გახდა, რომ მას ბიძა, სალაჰ ალ-ბადრანი წაიყვანს. ბადრანიც ჯინდირესიდანაა და მისი სახლიც დანგრეულია. ალ-ბადრანმა და მისმა ოჯახმა ერთსართულიანი შენობიდან გაქცევა მოასწრეს. ახლა კაცი თავის 11-სულიან ოჯახთან ერთად კარავში ცხოვრობს. აღნიშნულის შესახებ მან AP-სთან განაცხადა.
“მიწისძვრის შემდეგ თავის სახლში, შენობაში ცხოვრება აქ არავის შეუძლია. შენობების მხოლოდ 10%-ია უსაფრთხო საცხოვრებლად“, – ამბობს ის.
აიას მშობლიურ ქალაქში დანგრეულ შენობებში ადამიანები ოჯახის წევრებს ეძებენ. იქ მყოფმა ჟურნალისტმა მოჰამედ ალ-ადნანმა BBC-ის უთხრა, რომ იქ კატასტროფული სიტუაციაა.
“ნანგრევების ქვეშ იმდენი ადამიანია“, – ამბობს ის. ჟურნალისტის შეფასებით, ქალაქის ინფრასტრუქტურის 90% განადგურებულია.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 19 700 ადამიანს გადააჭარბა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა, როგორც მინიმუმ, 16 546 ადამიანს შეადგენს, კიდევ 66 132 კი დაშავებულია.
სირიის სახელმწიფო მედიისა და “თეთრი ჩაფხუტების” ინფორმაციით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმუმ 3 192 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორისაა 1 930 გარდაცვლილი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში და 1 262 გარდაცვლილი მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.