Home დღის ამბები ეკონომიკა გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული 400 ტონა ოქრო შეიძინეს

გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული 400 ტონა ოქრო შეიძინეს

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გლობალურმა ცენტრალურმა ბანკებმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების 400 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ოქროზე მოთხოვნის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების მკვეთრი მატებითა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდითაა განპირობებული. ზოგადად, ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.

მართალია, ცენტრალური ბანკები ოქროს რეზერვებს აქტიურად ივსებენ, თუმცა საერთაშორისო ბირჟაზე ერთწლიან ჭრილში ოქროს ღირებულება მაინც 8%-ითაა შემცირებული, უნციის ფასი კი ამჟამად 1,655 დოლარს შეადგენს.

მაღალი ინფლაციის მიუხედავად, ოქროს ბირჟის დაღმასვლა მსოფლიოს მასშტაბით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აგრესიულ სტრატეგიაზეა გადართული.

World Gold Council-ის ინფორმაციით, ოქროზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა თურქეთში, უზბეკეთში, კატარსა და ინდოეთში ფიქსირდება, რაც, უმეტესწილად, სწორედ რეკორდულად მაღალი ინფლაციითაა განპირობებული.