ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ეს ჯგუფები 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარის დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-იდან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი – 16 წლამდე ასაკის შვილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეკონომიკური გამოწვევების და ეკონომიკური კრიზისების პირობებში მრავალშვილიანი ოჯახები არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის სჭირდებათ ფინანსური დახმარება.
საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.