ჩემო მეგობრებო!
თავს უფლებას მივცემ, ასე მოგმართოთ, რადგან ჩვენს მეგობრობას, ქვეყნის კეთილდღეობისათვის მრავალწლიანი ბრძოლა უმაგრებს ზურგს.
ამ წლების განმავლობაში, თამამად ვაღებ ჩემი მშობლიური კუთხის ყველა ეზოსა და სახლის კარს, გაბედულად ვსარგებლობ, თითოეული ოჯახის სიკეთით სავსე მასპინძლობით.
სწორედ ქვეყნის ერთგულად მოდარაჯე კახელია კაცია, ჩემი ყველაზე საიმედო მოკავშირე და მასწავლებელი.
ჩვენი კავშირი ყოველდღიურად უფრო და უფრო მტკიცეა, რადგან ერთობის გარეშე, ყველას თვალწინ მიმდინარე სახელმწიფოებრივ რღვევას ვერ დავინახავთ, ვერ შევებრძოლებით და ვერ გავიმარჯვებთ.
უტოპიური დაპირებებით, ქვეყნის სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ, ოლიგარქიულმა მმართველობამ, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის ეროვნულსა და სტრატეგიულ ინტერესებს, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა.
მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველოს მტრებთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ერთი ადამიანის ნებას დამორჩილებული, უთავმოყვარეო პოლიტიკური კლასი, უმოწყალოდ ანგრევს წლობით ნაშენებ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დანაშაულებრივად დუმს ყოველდღიურად დაკარგულ ქართულ მიწებსა და ეკლესია-მონასტრებზე, სიცოცხლის უნარს უსპობს მართლმსაჯულებას, ღირსებას ულახავს სამართალდამცავ სტრუქტურებს, ეპატრონება ეროვნულ საგანძურს, აპარტახებს ქართულ ეკონომიკას და რაც ყველაზე უფრო მძიმეა, აღატაკებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გზები, დიდი ხანია გაიყარა. მმართველი ელიტა ღიად დგას საოკუპაციო რეჟიმის სამსახურში, ჩვენ კი, საუკუნეების წიაღში ჩასახული, საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების დიდი მიზნისაკენ, ჯიუტად მივდივართ.
ამ საუკეთესო განზრახვას, ყველა ერთად, მშვიდობიანი, დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების, ცივილიზებული გზით აღვასრულებთ.
გადამწყვეტი, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეტაპი, ოქტომბერში დადგება. არჩევნების ახალი, ნახევრად პროპორციული სისტემა, გავრილოვის სამარცხვინო მასპინძლობით დაკავებულ ხელისუფლებას, ჩვენ ყველამ, საერთაშორისო პარტნიორებმა და განსაკუთრებით, თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ახალგაზრდობამ გამოგლიჯა.
ახალი სისტემით, კახეთი ორ საარჩევნო ოლქად გაიყო. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ბრძოლის ასპარეზი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქია.
წლების მანძილზე, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობამ, რეგიონის თითქმის ყველა ოჯახის საწუხარი, პრობლემა და ტკივილი გამაცნო.
ოთხი საუკეთესო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, დიდი პატივია, მაგრამ გზა, თქვენს ელჩობამდე– მეტად რთული და საპასუხისმგებლო. ამიტომაც, გაჩერებული ქვეყნის დინამიურ განვითარებაზე გადასაყვანად, ღირსებით აღსავსე ახმეტელებთან, თელაველებთან, ყვარლელებთან და ლაგოდეხელებთან ერთად, ახალი ენერგიითა და ახალი ძალით წავალთ გადამწყვეტ არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის კლასს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ საქართველოს.
აქ ყველა ჩემიანია, თანამებრძოლიც, თანამოაზრეც და ოპონენტიც.
ქვეყნის უკეთესად სამსახურისათვის, ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქე, ჩემი საუკეთესო მოკავშირე და სტიმულია.
არასოდეს გკადრებთ, რომ წინ გაგიძღვებით, -მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდით, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთნდობით, ცივილიზებული მსოფლიოს დასანახად, ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე, ჩვენ საკადრის პოლიტიკურ საზღაურს მოვთხოვთ მმართველ ძალას- გავრილოვის ღამის გაბედვისათვის, ახალგაზრდების თვალის ჩინისათვის, ნეპოტიზმის, მექრთამეობის, ბავშვებისა და მოხუცების შიმშილის, ოკუპანტების მიერ მიტაცებული, სახელოვანი წინაპრების სისხლით გაჯერებული მიწისათვის, ძაძით მოსილი დედების თითოეული ცრემლის, ქართული სახელმწიფოსა და მისი დიდებული ისტორიის შეურაცხყოფისათვის.
თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი მიზნებისა და საპარლამენტო ცხოვრებაში განსახორციელებელი გეგმების შესახებ, თითოეულ თქვენგანს პირადად ვაცნობო.
სულ მალე, ათასობით ოჯახს თამამად მივაკითხავ, რადგან ვიცი, რომ ყველგან მიმესვლება.
ამ ურთულეს ბრძოლაშიც, გაბედულად მივდივარ, რადგან ჩემს გვერდით, თქვენ მეგულებით!