კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომას დაესწრო.
თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო სტრატეგიის 2024 წლების საქმიანობის ანგარიში და 2025-26 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიას წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა ხუთი ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესი, 2024 წელს მიღწეული ძირითადი შედეგები და სამომავლო ხედვა სამოქმედო გეგმის მომდევნო ორწლიანი ციკლის ფარგლებში. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევისა და საქმიანობის შედეგად, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხარისხი ეტაპობრივად უმჯობესდება, რაც არსებული საჭიროებების გადაჭრის კომპლექსურ უწყებათაშორის მიდგომას ეფუძნება.
2024 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ დოკუმენტი გასაჯაროვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
„დღეს, ჩვენ შევაჯამეთ გასული წლის საქმიანობის შედეგები და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების ტენდენციები. ასევე, შევაჯერეთ მომდევნო ორი წლის კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ არსებული საჭიროებების კომპლექსური გაანალიზების გზით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ერთობლივი ძალისხმევითა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან, გეგმის პროექტი განთავსებულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რითაც უზრუნველყოფილი იყო ყველა დაინტერესებული შესაბამისი პირის მხრიდან მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა. ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ჩვენი სამომავლო საქმიანობის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური ინტეგრაციის, მონაწილეობისა და კულტურათაშორისი დიალოგის კუთხით, მდგრადი შედეგების მიღწევა“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.