გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა.
„ბაბანეურის მარანი“ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა. მარნის მოწყობისათვის შეღავათიანი აგროკრედიტმა 500,000 ლარი შეადგინა. მარანი, რომელიც წლიურად 8-10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, ღვინის ექსპორტს ახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. „ბაბანეურის მარანს“ ვენახები 11 ჰექტარზე აქვს გაშენებული. მარანში მუდმივად 5, სეზონურად 15 ადამიანია დასაქმებული.
დავით სონღულაშვილმა ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი მცირე მარნები და შემდგომ მასთან დაკავშირებული სასტუმრო ინფრასტრუქტურა როგორც ქართული წარმოების, ისე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.